
სერბი რესტორატორი რენატო გრბიჩი ბელგრადში ცნობილია, როგორც "დუნაის სუპერმენი" - მერიის ოფიციალური ჯილდოს მფლობელს, რაც მან ადამიანების გადარჩენისთვის დაიმსახურა, ხალხმა სიყვარულით სწორედ ასე შეარქვა.
გრბიჩმა სახელი იმით გაითქვა, რომ იმ 15 წლის განმავლობაში, რაც დუნაის 18 მეტრიანი სიმაღლის ხიდთან ახლოს მდებარე რესტორნის მფლობელია, 25 ადამიანი გადაარჩინა, რომლებიც ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტნენ. პირველად რენატო მაშველის როლში მაშინ აღმოჩნდა, როცა პატარა მოტორიანი ნავით ძმასთან ერთად, მდინარეზე სათევზაოდ იყო გასული:
"უცებ, რაღაც ტყაპანის ხმა გავიგე და ვიფიქრე, რომ ხიდიდან რაღაც გადმოაგდეს, მერე კი ადამიანი დავინახე, რომელიც ხელებს იქნევდა. მე და ჩემმა ძმამ ის ნავზე ამოვათრიეთ და მახსოვს, ვუთხარით: "რა კარგი დღეა, შენ კი თვითმკვლელობას აპირებდი..."
ამის შემდეგ რენატოს ნავი მუდამ მზადაა, სასოწარკვეთილები სიკვდილისგან იხსნას. როგორც ბიზნესმენი იხსენებს, გადარჩენილთა უმრავლესობა ჰყვება, რომ სიკვდილს ვალების, აუტანელი ფინანსური მდგომარეობის, უკურნებელი სენის ან უიღბლო სიყვარულის გამო აპირებდნენ. მისი თქმით, 25 გადარჩენილიდან მხოლოდ ერთი გოგონაა, რომელიც ყოველწლიურად მოდის მის რესტორანში, რათა "მეორე დაბადების დღე" აღნიშნოს, ხოლო დანარჩენთა შესახებ ბიზნესმენმა არაფერი იცის:
"როცა იმ ქალს ვუყურებ, გული სითბოთი მევსება. წლების წინ გადარჩენილი გოგონა ახლა ქალია, დედა და მეუღლე, სულ სხვა ადამიანია", - იცინის რენატო. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როცა შეიტყობს, რომ დუნაიში ვიღაც ხიდიდან გადახტა და დაიხრჩო, დანაშაულის შეგრძნება იპყრობს იმის გამო, რომ იმ დროს ახლომახლო არ იმყოფებოდა.