
პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დუდუს დაბრუნებამ და ჯერაც ამოუცნობი ახალი მომღერლის ვინმე „აპოგეას“ ხსენებამ მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ვინ არის ნინო დარსაველიძე, სასცენო ფსევდონიმით „აპოგეა“, რომლის დაფინანსებას ეთიკისა და ესთეტიკის მინისტრს ოთხი მინისტრი, პლუს დუდუ სთხოვს?
ჯერჯერობით მაყურებელმა მხოლოდ ის იცის, რომ „აპოგეა“ საკმაოდ უნიჭო მომღერალია, რომლის უნიჭოდ გაკეთებული კლიპები, სცენარის მიხედვით, ვიდეოპორტალებზე იძებნება, თუმცა, ის სერიალში ჯერ ვიზუალურად არ გამოჩენილა - მხოლოდ ახსენებენ.
ამ ხსენებიდან ირკვევა, რომ მინისტრის - მაკას პრინციპულობას იმასთან დაკავშირებით, რომ „აპოგეას“ კონცერტს არ დააფინასებს, წინ დიდი გამოცდა ელის - მისთვის მოულოდნელად, „აპოგეას“ პროტეჟეთა შორის დუდუც აღმოჩნდება, რის შემდეგაც მინისტრი კონცერტის ორგანიზებაში მონაწილეობაზე უარის გადახედვას აპირებს.
სცენარიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ახალგამოჩენილიმომღერლის, იგივე პრემიერის ძმის საყვარლის კონცერტი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და მას დუდუ დააფინანსებს - ალბათ, სწორედ ეს იქნება მაკას პრინციპულობის მაჩვენებელიც: გადათქმა არ გამოუვიდეს და იმ პოზიციაზე დარჩეს, რომ მომღერლის კონცერტისთვის ფული ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.
როგორც ცნობილია, სერიალის მოყვარულებს და მუდმივ მაყურებლებს შორისაა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც „აპოგეას“ გამოჩენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან შეკითხვით სცადა გაერკვია, ვინ იყო „აპოგეა“.
მან კითხვაზე პასუხი მალევე მიიღო: მომღერალი არათუ გამოჩნდება, არამედ „წინ დიდი „აპოგეადა“ გელოდებათ“. იყო მსახიობზე მინიშნებაც, მაგრამ არასრული: „იცი, ვინ თამაშობს? არ გეტყვი“. ამასთან, სცენარის ავტორი წერს: „აპოგეა“ იმღერებს სოულს წვიმაზე“.
მოკლედ, სერიალში ახალი ვნებათაღელვა იწყება. მომდევნო, 45-ე სერია ეთერში პარასკევს გავა.