
ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში, ერთერთ ოჯახში დაკლული ძროხის ხორცის მოხმარება გადაიფიქრეს, რადგან რბილ ქსოვილზე გამოსახული ლაქების ერთობლიობა ხატს მიმსგავსებულად აღიქვეს.
დაკლული ძროხის ხორცზე ეს გამოსახულება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცხოველი გაატყავეს, რის შემდეგაც ოჯახმა მომხდარი მეზობლებს შეატყობინა. როგორც სამწევრისელები ამბობენ, გამოსახულება უამრავმა ადამიანმა ნახა, მას ფოტოებიც გადაუღეს. ამის შემდეგ, ცოტა ხანში, დაკლული ცხოველის ხორცი მთლიანად გაშავდა, ამიტომაც, გატყავებული ძროხა მიწაში დაფლეს.
„აფხაზეთის ხმამ“ ინფორმაცია ერთერთ ადგილობრივ წყაროსთან, ქარელში გადაამოწმა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და დაამატა, რომ შემთხვევა მამიჯანაშვილების ოჯახში მოხდა და მთელ ქარელს მოედო. წყარო ვერ აკონკრეტებს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მომხდარის თაობაზე სასულიერო პირებს, ან შეატყობინეს თუ არა მათ საერთოდ ამის შესახებ.
ცნობილია, რომ მსგავს ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა, არც ისე ხშირ ერთობლიობათა დამთხვევითაა გამოწვეული, ხშირად სასწაულთან აკავშირებენ. ამგვარი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია საქართველოში, თუმცა, „სასწაულთმაძიებლები“ სხვა ქვეყნებშიც მრავლად არიან.