
"ტვიტერზე" რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის აქაუნთს რუსი იუზერების "რისხვა" დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც მან ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას შაპიტო-შოუს გაგრძელება უწოდა.
"უბედური უკრაინა", - დაწერა უკრაინულად რუსეთის პრემიერმინისტრმა, რის შემდეგაც ბევრი გამოხმაურება მიიღო.
"შაპიტო-შოოუა, როცა რუსეთის პრემიერი და პრეზიდენტი ადგილებს ცვლია ისე, რომ ერთხელაც კი არ გაწითლებულან", - დაწერა რუსმა მხატვარმა ევგენი იაკოვლევმა.
"ღმერთო, ეს ვინ ალაპარაკდა შაპიტოზე...", - დაწერა პასუხად ცნობილმა რუსმა ბლოგერმა რუსტემ ადაგამოვმა.
"აი მედვედევს კი, გადადგომის შემდეგ, ზიმბაბვის სოფლის ხელმძღვანელადაც კი არ აიყვანენ", - წერს ალექს პერი.
"კლოუნი შაპიტოზე ხუმრობს?", - კითხულობს სხვა იუზერი და ბმულს აზიარებს, სადაც მედვედევი კლოუნის ფორმაშია გამოსახული.
"ვერ შეედავები", - წერს მედვედევის ციტატის შემდეგ ვიაჩესლავ მალცევი და ამატებს: "ცირკის ქონდრისკაცები მსგავს საკითხებში ექსპერტები არიან".
იუზერებმა ასევე ატვირთეს სხვადასხვა დროს გადაღებული დიმიტრი მედვედევის სურათები, რითაც მისი ხუმრობის შეუსაბამობაზე მიანიშნეს. რუსეთის პრემიერმინისტრის აქაუნთზე ქართველი ინტერნეტმომხმარებლების არცთუ ძალიან კორექტული კომენტარებიც გაჩნდა.