
ბიზნესმენ რეზო ჭოხონელიძის განცხადებით, თურქმა ინვესტორებმა ბათუმის ძველ ბულვარში სავაჭრო ობიექტები უნებართვოდ ააშენეს.
„ბათუმის ძველ ბულვარში თურქულ კომპანია „ბათუნს“, 20 თუ 25 წლიანი იჯარით, 7500 კვადრატული მეტრი ტერიტორისა, პირდაპირ პლაჟზე გადაეცა.
თურქებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ბაზრობა - მაღაზიები, კაფეები, სავაჭრო ობიექტები და ა.შ. ააშენეს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სიმახინჯე არსად მინახავს.
3 წელია ვითხოვთ, რომ თურქების მიერ პლაჟზე უნებართვოდ აშენებული ბაზრობის დემონტაჟი მოხდეს, იმიტომ რომ სანაპირო ზოლი აბსოლუტურად დაამახინჯა, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა რეზო ჭოხონელიძემ.
მისივე თქმით, თურქული კომპანია 20-ჯერ ნაკლებ იჯარას იხდის, ვიდრე ბათუმში არსებული სხვა ობიექტები.
„მე 800 კვადრატულ მეტრში იჯარის სახით, წელიწადში 30 ათას ლარს ვიხდი, თურქები 7500 კვადრატულ მეტრში -15 ათას ლარს.
ვერ გავიგე თუ თურქია ინვესტორი, მე, ქართველი კაცი, რომელმაც საქმეში ნახევარი მილიონი ჩავდე, ინვესტორი არ ვარ? მაინცდამაინც თურქულად უნდა გადავიკეთო გვარი რომ ბათუმში რამე გავაკეთო“, - აცხადებს ჭოხონელიძე.
ბიზნესმენი ბათუმის მერიის 2013 წელს გამოტანილი დადგენილების აღსრულებას ითხოვს, რომელიც თურქების მიერ პლაჟზე უკანონოდ აშენებულ ბაზრობის დემონტაჟს ეხება და საქართველოს მთავრობას მიმართავს ამ პრობლემით დაინტერესდეს.
„ვერსია“