
ინტერნეტში პოპულარული პროდუქტის "ბიძინას ბანქოს" გაყიდვა 21 მარტს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" დაანონსდა.
როგორც ბანქოს შემქმნელები "ფეისბუქზე" წერენ, მისი გაყიდვა თეატრალიზებული ფორმით მოეწყობა, როგორც მიტინგის დაწყებამდე, ასევე მის მიმდინარეობის დროს და დასრულების შემდეგ:
21 მარტს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ბიძინას ბანქო" მიტინგის დაწყებამდე, მიმდინარეობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც გაიყიდება.
მსურველებმა იჩქარეთ და იაქტიურეთ, რადგან რაოდენობა შეზღუდულია. გამყიდველებს ეცმევათ თეთრი მაისური კარტის გამოსახულებით და სახეზე ეკეთებათ ვენდეტას ნიღაბი...
ვიცით, რომ რეგიონებიდან უამრავ ადამიანს ჰქონდა ბანქოს შეძენის სურვილი და მათთვის მიწოდებას ვერ ვახერხებდით. ხვალ მათ საშუალება მიეცემათ, ბანქოს დასტა შეიძინონ, წაუღონ საჩუქრად მეგობრებს...
ბანქოს ერთი დასტის ფასი კვლავინდებურად 10 ლარია.
შეგახსენებთ, ეს არის მაღალი ხარისხის პლასტიკატზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ბანქო ყველა ნომინალით, ჯოკრების ჩათვლით და მათზე გამოსახული არიან ბიძინას კოალიციის ოდიოზური, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი წევრები...
ნამდვილად იხალისებთ და თანაც, ეს ბანქო არის სუვენირი...
ასე რომ, შეხვედრამდე...", - წერენ "ფეისბუქზე".
"ბიძინას ბანქო" მაღალი ხარისხის პლასტიკატზე დამზადებული, 54 ბანქოს ქაღალდისგან შემდგარი დასტაა, რომელზეც "ქართულ ოცნებასთან" და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან გამოსახული. თითოეული პირი რომელიმე ნომინალზეა განთავსებული.