-
2014-12-11 14:56
"ფორბსი" აქვეყნებს ავი ტიომკინის სტატიას "მშვიდობით, პუტინ!", სადაც რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებზე და დამოკიდებულებებზეა საუბარი. "აფხაზეთის ხმა" ამ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
"როცა ისტორია ყველაფერს გადააფასებს და თავის ადგილს მიუჩენს იმ კრიზისში, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს და რომელიც აუცილებლად პუტინის თანამდებობიდან წასვლით დასრულდება, შეიძლება გაჭირდეს დანაშაულისა და პასუხისმგებლობების ზუსტად განსაზღვრა.
ვინაა მთავარი დამნაშავე - პუტინი, რომელსაც სსრკ-ს დაშლა გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, რომელმაც 2013 წელს განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიათა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება რუსეთის მთავარი პრიორიტეტია თუ დასავლეთი, კერძოდ კი ევროკავშირი, რომელმაც უამრავი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებზე მტკივნეულად რომ ზემოქმედებს?
აღსანიშნავია 2013 წელს ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კამერონის განცხადება: „ევროკავშირი ატლანტიკიდან ურალამდე უნდა იყოს გადაჭიმული.“ ჰერმან ვან რომპიმაც (ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა) ანალოგიური განცხადება გააკეთა: „ყველა ევროპული ტერიტორია, რუსეთის გამოკლებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპასთან აღმოჩნდება ინტეგრირებული.“
როგორც ჩანს, პუტინმა რაღაცები ვერ გათვალა ყირიმთან მიმართებით. ვერ გაითვალისწინა დასავლეთის რეაქცია და უკრაინის წინააღმდეგობის მთელი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის წამოწყება კარგად დასაბუთებული არგუმენტებით გაამართლა. პირველ რიგში, პუტინმა ვერ გათვალა რა რეაქცია მოჰყვებოდა ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას ამერიკაში. მას ამ ნაბიჯით თეთრი სახლი და ყველა ამერიკელი პოლიტიკოსი გადაემტერა.
პუტინის პოლიტიკის არასწორი წანამძღვარი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთი პოლიტიკურად სუსტია და რომ ობამას აკლია კატეგორიულობა, ამიტომ რუსეთის ყველა ქმედებას გაგებით მოეკიდება. დაახლოებით ასევე, ჰიტლერი არ ელოდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი მას ომს გამოუცხადებდნენ იმისთვის, რომ პოლონეთს დაესხა თავს. არც პუტინი აღმოჩნდა მზად გერმანიის მიერ დაწესებული მძიმე სანქციებისთვის. მაშინ, როცა რუსეთის ჯარები ტექნიკური მოდერნიზაციის პროცესში არიან, საფრანგეთის გადაწყვეტილება სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა.
ამ ყველაფრის პარალელურად აშკარად იკვეთება პუტინის კულტის შექმნის ტენდენციები. ცოტა ხნის წინ პუტინის მოკავშირე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ თუ პუტინი არ არსებობს, ვერც რუსეთი იარსებებს.
მაგრამ ამჟამად პუტინის იმიჯი, როგორც იმ ადამიანის, რომელმაც რუსული ეკონომიკა ააღორძინა და ცხოვრების პირობები გააუმჯობესა, შელახულია. დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიზეზით ქვეყნის ეკონომიკამ მძიმე დარტყმები განიცადა.
რუსეთი უახლოვდება იმ წერტილს, როცა ნათელი გახდება, რომ ყირიმის ანექსია იმ მიზნისთვის, რათა დაწყებულიყო საბჭოთა წყობის აღდგენა, განმტკიცებულიყო პუტინის გავლენა და პოპულარობა, შეცდომა აღმოჩნდა და ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო.
ეს ყველაფერი გარდაუვალს ხდის პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას, რაც ან რევოლუციის გზით მოხდება, ან მშვიდობიანად.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა უკვე დაადანაშაულა ნატო ჩრდილოეთ ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობაში და გააკრიტიკა ის ამ რეგიონში ბირთვული იარაღებისა და საჰაერო ძალების გადაზიდვისათვის, ნათელია, რომ პუტინმა ომისწინა რიტუალური ცეკვა შეასრულა.
პირველი სავარაუდო ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთი თავისი ძალების კონცენტრირებას ბალტიისპირა ქვეყნების საზღვრებთან მოახდენს და შეიძლება ესტონეთის ქალაქ ვარნაშიც კი შეიყვანოს საკუთარი ძალები, რადგან ამ ტერიტორიას ყირიმის მსგავსი მახასიათებლები აქვს (რუსულენოვანი მოსახლეობა).
კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია აშშ-ის სუსტი წერტილის გამოყენება და ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში მოკავშირის პოვნა. ირანი გამოდგება ამგვარი როლისთვის, როგორც რუსეთივით სანქციებისგან „დაჩაგრული“ ქვეყანა.
ლეგენდის მიხედვით, როცა გენერალი ფრანკო კვდებოდა, სამხედრო პირები მას შემდეგი სიტყვებით გამოემშვიდობნენ: „მშვიდობით, გენერალისიმუს!“ ფრანკომ მიბნედილი თვალები გაახილა და იკითხა: „რატომ მემშვიდობებით, სად მიდიხართ ყველანი?“
პუტინსაც, წასვლის არანაირი სურვილი არ აქვს და მშვიდობიანად არ დატოვებს ხელისუფლებას. დანარჩენი მსოფლიოსათვის საუბედუროდ, როცა ასეთი პიროვნება ათას ხუთასამდე ბირთვულ იარაღს აკონტროლებს, შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
მოამზადა ბექა ბერულავამ
ორიგინალი