
„განსხვავებული აქცენტების“ მიხედვით, „იუთუბზე“ ჰაკიმ ფაშას მიერ 2014 წლის 10 მარტს გავრცელებული ზურაბ ჟვანიას ცხედრის დაზიანებათა აღმნიშვნელი ფოტოები გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალიდან მაშინ დამზადდა, როცა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
გადაცემის ხელთ არსებულ და გამოქვეყნებულ ოქმში, რომელიც 2013 წლის 2013 წლის ივნისშია შედგენილი, მითითებულია, რომ ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ მისგან 7 ფოტო დამზადდა. შეგახსენებთ, რომ ოქმის მიხედვით, ვიდეომასალის დათვალიერება და მისგან ფოტოების დამზადება შსს-ს შენობაში შედგა, რაც შეუძლებელია, არ სცოდნოდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო.
ამის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ „იუთუბზე“ ჰაკიმ ფაშას მიერ, სავარაუდოდ, შსს-ში დამზადებული ფოტოების განთავსების შემდეგ განაცხადა, რომ ფოტოებმა, „სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დაზიანებები“, ის „შოკში ჩააგდო“.
გადაცემაში მოყვანილი იყო დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაც, რომ ოქმით დადასტურებული, ვიდეომასალიდან ამოღებული ფოტოები და "იუთუბზე" განთავსებული ფოტოები, აღწერილობის მიხედვით, იდენტურია.
"ამ გადაცემის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწევს, რადგან თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს შენობაში დამზადებული და "იუთუბზე" ჰაკიმ ფაშას მიერ ატვირთული ფოტოები ერთი და იგივეა. იქნებ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა იცოდეს, ვინ არის ჰაკიმ ფაშა?", - ითქვა "განსხვავებულ აქცენტებში".