
პირველი დღე სკოლაში და პირველი ხარვეზები პირველკლასელთა ნეტბუქებში. სასწავლო წლის პირველსავე დღეს აღმოჩნდა, რომ ახალი ნეტბუქების პროგრამებში ხარვეზებია.
როგორც ,,თავისუფალი ზონა“ წერს, მოსწავლის ნეტბუქიდან კლასის ხელმძღვანელთან ონლაინ კავშირი შეუძლებელია, შეუძლებელია წვდომა მოსწავლეთა შეფასების სისტემასთან, ანუ საკლასო ჟურნალთან. ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს პაკეტი მხოლოდ ორი წლით იყო მოქმედი და შარშან და წელს აღარ იმუშავებს.
ახალ ბუკებში ასევე აღმოჩნდა პროგრამული ხარვეზი ინგლისური ენის კომპიუტერულ პროგრამაში. სკოლაში გამოძახებულმა კომპიუტერული სისტემის ადმინისტრატორმა (ITმენეჯერმა) განაცხადა, რომ ყველა პირველკლასელის ნეტბუქში ასეთი ხარვეზია და ის ვერაფრით გამოასწორებს. პირველკლასელებს წელს კომპანია ,,იუ-ჯი თი“-ს შეთავაზებული „ეისერის“ მოდელის ნეტბუქები დაურიგდათ.
კომპანია ,,იუ-ჯი-თიმ“ გამოცხადებულ ტენდერში პირველ ჯერზე სწორედ იმიტომ ვერ გაიმარჯვა, რომ მის ნეტბუქებს ხარვეზები ჰქონდა და კომისიამ დაიწუნა, თუმცა კომპანიამ პირობა დადო, რომ ამ ხარვეზებს გამოასწორებდა და ნეტბუქებს უფრო იაფადაც მიჰყიდიდა განათლების სამინისტროს.
წლევანდლამდე პირველკლასელების ნეტბუქებს კომპანია ,,ალგორითმი“ ამზადებდა.