
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ერთერთი წყარო "ნაციონალური მოძრაობაა".
"შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არის - ძნელი წარმოსადგენია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც წლების განმავლობაში აფინანსებდი, მხარს უჭერდი და გვერდით ედექი, მოულოდნელად გარეული აღმოჩნდება ბიუჯეტის გაფლანგვაში, თანხის მითვისებაში და სხვა დანაშაულში", - ამბობს მანანა კობახიძე "მაესტროს" ეთერში.
მისივე განცხადებით, მას შეკითხვა ექნებოდა იმ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ: "მე კითხვა მექნებოდა იმ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ შეშფოთებას გამოთქვამენ: მათ პრეზიდენტს რომ ჰქონოდა სავარაუდო დანაშაულებრივი შეხება ბიუჯეტის უკანონო ხარჯვასთან და აქ არის მილიონებზე საუბარი, და თუ გამოძიებას გაუჩნდებოდა კითხვები და დაიწყებოდა გამოძიება, ექნებოდათ თუ არა მათ ეს აღქმული, როგორც პოლიტიკური დევნა, თუ ეს იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე?".
მანანა კობახიძის გამოსვლამდე ეთერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნუგზარ წიკლაურს დაეთმო, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი მკაცრი განცხადება აშშ-ის ხელისუფლებას არ გაუკეთებია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არცერთ ეტაპზე და რომ ეს "ძალიან საგანგაშოა", რადგან "აშშ საქართველოს ელაპარაკება ისე, როგორც ჩრდილოეთ კრეას ელაპარაკება ან ელაპარაკებოდა სსრ კავშირს".
მისივე თქმით, აშშ აღარც კი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და გაერთიანებისკენ მოუწოდებს პროდასავლურ ძალებს, როგორებიც არიან კოალიციაშიც: "რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ არის მიმართული არც გოგი თოფაძისადმი, არც ვოლსკისადმი, არც იმ ქალბატონისადმი, რომელიც აქ ჩემს შემდეგ გამოვა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.