
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქართველო-ირლანდიის (1:2) მატჩის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ გადადგომას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, თუ მომდევნო ორ მატჩში საქართველოს ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს და დაკარგავს ჯგუფიდან გასვლის შანსს, ის თანამდებობას დატოვებს.
"უკვე მეც დავიღალე. 5 წელია ნაკრების მწვრთნელი ვარ და შესაძლოა, ვინმეს ყელშიც ამოვუვედი. ჩემს გზას ვნახავ. არ მინდა ჩემი ნერვები ბოლომდე ამას გადავაყოლო და არც ჯვარი მაქვს დაწერილი.
მომდევნო ორი თამაშში ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ და შემდეგ დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას.
აქამდეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ საქართველოს ნაკრებს არ ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, მე დავტოვებ თანამდებობას. არითმეტიკულად დღევანდელი მარცხის შემდეგ გასვლის შანსი კვლავ არსებობს", - აცხადებს თემურ ქეცბაია.