-
2014-08-30 16:25
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ აკავებს პოლიცია ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის მონაწილეებს. ამ ფონზე გივი თარგამაძე ბოლო დროს საქართველოში გახშირებულ მკვლელობებს იხსენებს და წერს, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად ჩამოინგრა.
"აი, ასე თავგამოდებით და მასიურად ებრძვის სახელოვანი პოლიცია კაზანტიპის დამსვენებლებს. ამის პარალელურად იმავე დღეღამის განმავლობაში: ადიგენში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა (!) ვინჩესტერით, თავში საკონტროლო გასროლებით მოკლა 22, 24, და 26 წლის ახალგაზრდები.
ერთიც უმძიმესად დაჭრა; კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით მოკლა 36 წლის ახალგაზრდა; ბაკურიანში მამაკაცმა მოკლა ქალბატონი; თბილისში, ავლაბარში 20 წლის ადრე ნასამარლევმა (!) ახალგაზრდამ დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენებით მოკლა ცნობილი DJ.
ყველა არის განზრახ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ალბათ დამეთანხმებით, გეოგრაფიაც შთამბეჭდავია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა ერთიანად ჩამოინგრა.
მათთვის, ვისაც ჩვენი ხელისუფლების საძაგებლად მომარჯვებული ჰქონდა ფრაზა: ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს! მოიმარჯვეთ ივანიშვილის ფრაზა: გაგებით მოეკიდეთ და ღარიბაშვილის: ოჯახში ვინმე ვინმეს თუ მოკლავს, პოლიციამ რა ქნას?
ასევე შსს-ს ცრუ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც კრიმინალი ყოველთვიურად იკლებს; ასევე, იმ კრიმინალთა სია, ბესელიას ხელდებით რომ გაათავისუფლა ივანიშვილმა; ასევე, იმ ნათესავთა სია, რომლებითაც თამაზაშვილ-ღარიბაშვილმა გამოტენეს შსს და გააპროტესტეთ! იყვირეთ ძველებურად! თქვენ ხომ ის გაწუხებდათ, რომ ბიჭებს ხოცავდნენ? თუ ახლა დახოცილი ბიჭები ბიჭები არ არიან?
თუ მაშინ თვალთმაქცობდით, მაგ ბიჭების დარდიც არ გქონდათ და უბრალოდ, იმ ხელისუფლების შეცვლა გინდოდათ, წესრიგს რომ გაძალებდათ, ზოგჯერ ზღვარსგადასული მეთოდებით? თქვენ კი სუნთქავთ ამ გარემოში თავისუფლად, მაგრამ ეს ახალგაზრდები რომ ვეღარ სუნთქავენ? ან კიდევ რამდენმა უნდა შეწყვიტოს სუნთქვა თქვენი ჭაობის კომფორტისთვის?", - წერს გივი თარგამაძე.
გივი თარგამაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გარდა, რომელიც ამ სტატიას თან ერთვის ვიდეოს ფანჯარაში, "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც ასევე, ანაკლიაშია გადაღებული, ფესტივალის მიმდინარეობის დროს და რომელიც "აფხაზეთის ხმას" ინციდენტის თვითმხილველმა მიაწოდა.