
"კაზანტიპის" ადმინისტრაცია ეხმიანება ფესტივალის გახსნის დღეს პოლიციის მიერ ტერიტორიიდან რამდენიმე სტუმრის გაძევების ფაქტს და სტუმრებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას.
განახლებულია 13:30
ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე ახალმოსახლე ტერიტორიიდან ამორალური ქცევის გამო გააძევა. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, პოლიციამ კარავში დააკავა და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა რამდენიმე ტურისტი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოიხმარდნენ. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ ისინი ტერიტორიას დაუბრუნდნენ, სხვავ ვერსიით კი, ტურისტები არ დაუკავებიათ და არც ადმინისტრაციული წესით დაუჯარიმებიათ - მათ "კაზანტიპის" საშვები ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტერიტორიას შსს აკონტროლებს. "კაზანტიპის" ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია:
"არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგია საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის.
ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგრძენით რეალობის რეალური ალტერნატივა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში".
რაც შეეხება ფესტივალის მეორე დღეს, 21 აგვისტოს ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ RICARDO VILLALOBOS-ის მოსმენის. მის გარდა დღეს მსმენელის წინაშე წარსდგებიან GUY GERBER, SONJA და სხვები.