
ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუ გაზეთ ,,პრაიმტაიმში“ გუშინ გამოქვეყნდა. ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილი ,,მაესტროს“ გასხვისების შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ უფრო ახლო მომავალში ცვლილებები „იმედზე“ მოხდება. როდესაც, მისი თქმით, ნათია აბრამიას სამთვიანი მუშაობის შემდეგ არხზე რუსეთში მომუშავე პროდიუსერი გამოჩნდება.
ეროსი კიწმარიშვილი თავის ბოლო ინტეწრვიუსი მაკა ასათიანისა და მისი მეუღლის ბიზნესმენ კოტე გოგელიას შესახებაც საუბრობდა და აცხადებდა, რომ ,,მაესტროზე" ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი და თუკი ახლა ტელევიზიას ახალი მფლობელი ეყოლება, ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება.
„ერთადერთი პერიოდი, როდესაც მათ არაფერი დაუთმიათ ეს იყო მაშინ, როცა არაფერს არ წარმოადგენდნენ, ანუ როდესაც კლიპებს ატრიალებდნენ მხოლოდ. როდესაც მე მართვაში ავიღე იმ პერიოდის შემდეგ კომპანიაში დაახლოებით ათი უმსხვილესი ცვლილება განხორციელდა. ასათიანი და მისი მეუღლე სააკაშვილის პერიოდში მე მოვიყვანე, როგორც ინვესტორები, მაგრამ მათ მე გადამაგდეს. ახლა რას აპირებენ ნამდვილად არ ვიცი. ას პროცენტიანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მედიაში , არაფერი არ მოხდება ხელისუფლების მმართველობის გარეშე... გოგელია ვინ გგონიათ? მაესტროზე ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი. გოგელიას დროსაც რუსული კაპიტალის ხელში იყო მაესტრო და ვინ გადაიბარებს რა ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა გადაიბაროს ხაზგასმით გეტყვით, რომ ეს გადაბარება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება. სააკაშვილი ტელევიზიებში ნაჯახით შერბოდა ხოლმე და ახლა ცდილობენ თავად არ გამოჩნდნენ “– აცხადებდა ეროსი კიწმარიშვილი ,,პრაიმტაიმთან“ .
დღეს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რიძრა, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ის მოკლულია.
ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მეგობარს ბადრი ნანიტაშვილს ესაუბრა და უთხრა რომ საკაბელო ტელევიზიის დაარსებას აპირებდა, ასევე გეგმავდა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას.