-
2014-07-07 16:25
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს მიუსამძიმრეს, გორბაჩოვის სამძიმარს ,,ინტერფაქსი" აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს ექსპრეზიდენტის გარდაცვალების გამო. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ძალიან მწყდება გული, რომ მან დაგვტოვა. ის არაორდინარული, ნიჭიერი ადამიანი იყო. მას მკვეთრი ხასიათი და ქართული ტემპერამენტი ჰქონდა. მას ჰქონდა უჩვეულო უნარი, გამოენახა საერთო ენა სხვადასხვა ფენის ადამიანებთან, როგორც ახალგაზრდა, ისე უფროს თაობებთან. შევარდნაძე უდიდესი პოლიტიკოსი იყო. მან სერიოზული წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის გარდაქმნის საქმეში. ის სიახლეებს ადვილად ითვისებდა და შეეძლო, მსოფლიო პოლიტიკისთვის ფეხის აწყობა. როდესაც ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ეს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, მას ამ პოზიციაზე ყოფნისას ჭკვიანურად მიჰყავდა საქმეები. შევარდნაძეს ტყუილად არ აფასებდნენ დიპლომატები, მეგობრები და უცხოელი პარტნიორები“, – აღნიშნა გორბაჩოვმა.
მისი თქმით, შევარდნაძის დამსახურებაა ევროპაში უამრავი პოლიტიკური პროცესი სწორად წარიმართა. მისი დამსახურებაა საბჭოთა კავშირის ამერიკისა და ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.
ვლადიმერ პუტინის სამძიმრის განცხადება კი რუსეთის ფედერალური ხელისუფლების პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაახმაურა:
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. მინდა მისი გარდაცვალება ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.