
ძალიანაც რომ გვინდოდეს, თავდაცვითი მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განუცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, თავდაცვითი მოწყობილობები არ გააჩნია. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, სამეკავშირეო ოფისს ალიანსსა და საქართველოს შორის კავშირის გასამყარებლად გააძლიერებენ.
"არის ორი განსხვავებული ასპექტი. პირველი ეხება თავდაცვით მოწყობილობებს, რაზეც მინისტრი ალასანია საუბრობდა. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამ მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, ასეთი რამ არ გაგვაჩნია. ეს აქვთ ალიანსის წევრებს და თუ მათ სურთ მსჯელობის გაგრძელება, მოლაპარაკებებს აწარმოებს წევრ ქვეყნებთან.
რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ? – ნატო-ს აქვს სამეკავშირეო ოფისი თბილისში. შემიძლია გითხრათ, რომ გავზრდით თანამშრომლების რიცხვს აუცილებლად. დამატებითი პერსონალი ჩამოვა", - განაცხადა აპატურაიმ.