
"გავიგე, ჩემზე რასაც წერენ და ამბობენ, თითქოს მე ბავშვს ხელი არ ჩამოვართვი და შეგნებულად ავუარე გვერდი. როგორ შემეძლო, ბიჭუნას არ მივსალმებოდი, უბრალოდ, ვერ შევამჩნიე", - განუცხადა არგენტინულ გამოცემას ლეონელ მესიმ ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.
საქმე ეხება კადრებს, სადაც პირველი შეხვედრის დროს არგენტინის ნაკრების გამოსვლაა გადაღებული გასახდელიდან. გუნდს მესი მიუძღვება. კადრებში ჩანს, რომ მესიმ მოედანზე გასასვლელად ჩამწკრივებულ ბიჭებს გადახედა, გაუღიმა, შემდეგ კი მსაჯებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. ამ დროს პატარა ბიჭი, ასაკითა და სიმაღლით განსხვავებული, ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდა, თუმცა ის მესიმ ვერ შეამჩნია.
ვიდეოკადრები დამონტაჟებული გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს პატარა ბიჭის გაწბილებული სახე. მესის მოწინააღმდეგეები ამ მონტაჟს ეყრდნობოდნენ და მესის მედიდურობაზე მიუთითებდნენ, მაგრამ კადრების სრულ ვერსიაზე კარგად ჩანს, როგორ დაბრუნდა ბავშვებთან მესი მას შემდეგ, რაც მსაჯებთან გასაუბრებასა და მათ მისალმებას მორჩა. ამ კადრში ვერ მოხვდა თავად გაწბილებული ბიჭუნა, რადგან იგი იმ დროს, როცა მესიმ ხელი ჩამოართვა პატარა ფეხბურთელებს, ადგილზე უკვე არ იმყოფებოდა.