
15 ივნისის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის ცესკოს მიერ ხმების დაკლების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
„ჩვენი 373 მოხალისე კენჭისყრის დღეს შერჩევის ზომის პროპორციული ალბათობის მეთოდით შერჩეულ უბნებზე დააკვირდა დედაქალაქში.
ამ 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) შედეგების ვებგვერდზე http://results.gov.ge/ შეტანილ ინფორმაციას, საიდანაც საერთო სტატისტიკა დგება, შევადარეთ და რამდენიმე უზუსტობა აღმოვაჩინეთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები:
სამგორის #12 უბანი: ოქმის მიხედვით 111 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ ვებგვერდზე დაფიქსირებულია 11 ხმა; სამგორის #20 უბანი: ვებგვერდის მიხედვით, კანდიდატს 18 ხმა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ ოქმზე თანდართული შესწორების თანახმად, მას 118 ხმა უნდა ჰქონდეს; საბურთალოს #78 უბანი: სავარაუდოდ, ნიკა მელიამ 131 ხმა მიიღო ამ უბანზე, თუმცა ოქმში რიცხვის პირველი ციფრი გადახაზულია და ცესკოს ვებგვერდზეც 31 ხმა არის დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ სუბიექტების მიღებული ხმებისა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთოდ რაოდენობის დასაბალანსებლად სწორედ ეს 100 ხმა არის საჭირო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია უბნების საბოლოო ოქმებსაც აქვეყნებს.