
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დღემდე სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდება - ის 14 მარტს, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის უფროსთან ხუტა პაჭკორიასთან ერთად ნახეს.
თვითმხილველებმა „აფხაზეთის ხმას“ ფოტოებიც მიაწოდეს, სადაც აეროპორტის დარბაზში ოთარ ფარცხალაძე და ხუტა პაჭკორია არიან გადაღებული.
წყაროსთვის უცნობია, რომელი რეისით და რა მიმართულებით აპირებდნენ გამგზავრებას ყოფილი და მოქმედი ჩინივნიკები, თუმცა ის აცხადებს, რომ პირადადაა დაინტერესებული იმით, თუ რას საქმიანობს ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ და ამბობს, რომ ის გათავისუფლების მიუხედავად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ყველაზე ხშირად კი ფინანსური პოლიციის ხშირი სტუმარია და პრივილეგიებით სარგებლობს სახელმწიფო დაწესებულებათა შენობებში შესვლის დროსაც.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს დღემდე ჰყავს დაცვაში ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის წევრები და გადაადგილებისას სარგებლობს იმ ხმოვან-მანათობელი მოწყობილობებით, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვისაა დაშვებული, გზაზე გადაადგილებისას უპირატესობის მისაღებად.