
,,თბილისში არ შეიძლება გოიმმა გაიმარჯვოს,“- განაცხადა ყოფილმა პოლიტიკოსმა გია მაისაშვილმა დავით აქუბარდიას გადაცემაში და წამყვანს თბილისის მერად კენჭისყრას პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთის მანძილზე დაჟინებით სთხოვდა.
,,დათო, შენ შეძლებ ხალხის კონსოლიდაციას, ხალხი გამოგყვება, შენ პოლიტიკოსი არ ხარ და ხალხი დაგიჯერებს. შენ ახლა საუკეთესო კანდიდატი ხარ,“- უთხრა გია მაისაშვილმა აქუბარდიას.
მაისაშვილი მოუყვა გადაცემა „სპექტრის“ წამყვანს, თუ რატომ არ იყრის თავად კენჭს. მისი თქმით, მას ქალაქის ელიტა შეხვდა და სთხოვა მერის პოსტზე კენჭისყრა, თუმცა მაისაშვილმა უარი განუცხადა, რადგან მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხალხი მას არ გაჰყვება და არაა შესაფერისი კანდიდატი.
ამ პოსტზე საუკეთესო, მისი აზრით, დავით აქუბარდიაა. დავით აქუბარდიამ აზრი არ მოუწონა მაისაშვილს და უთხრა, რომ მტრების შეძენა არ უნდოდა:
„აბა, მტრების გარეშე კარგი საქმე არ კეთდება. შენ ახლა საუკეთესო კანდიდატი ხარ და თუ დამიჯერებ და ამას გააკეთებ, ხალხი გამოგყვება, დამიჯერე.
პირდაპირ ეთერში ვასახელებ, რომ პირველად მე უნდა წამოვაყენო მერის კანდიდატურა, არაპოლიტიკოსი საზოგადო მოღვაწე დავით აქუბარდია, დამიჯერე და ერთად ავაგუგუნოთ ეს ყველაფერი, მე პეტრე, პავლე და სხვა მხარს დაგიჭერთ,“- დაჰპირდა მაისაშვილი აქუბარდიას.