
ზემო იმერეთში, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მოულოდნელად აღმოჩენილი მოვლენის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუქზე“ ფილოლოგი ეფემია ვარდოსანიძე აქვეყნებს.
„აფხაზეთის ხმა“ ავტორის ნებართვით ფოტოებს აქვეყნებს და აღწერას გთავაზობთ, რომელიც მათ თავად ავტორმა დაურთო:
„...დღემდე ვერ ვივიწყებ ამ თაგუნიებს.ეზოში ბოძი უნდა ჩაგვებეტონებინა. დაიხარა ალექსანდრე ქვიშის ასაღებად, გადაწია გადაფარებული ბრეზენტი და დარჩა ასე დახრილ- გაშეშებული. მე შორიდან ვადევნებდი თვალს. ჯერ მეგონა, ხერხემალი თუ ატკივდა, მაგრამ იღიმებოდა.
თან იღიმებოდა,თან უხმოდ მიქნევდა ხელს. მივედი და ვხედავ ,წამოწოლილა დედა თაგვი და წოვენ ძუძუს პატარა თაგუნიები. ვედრებით გვიყურებდა შეშინებული დედა.
გაქცევა უნდოდა,მაგრამ შვილებს ხომ ვერ მიატოვებდა განსაცდელში. ისინი სულ ვერ გრძნობდნენ საფრთხეს,არხეინად განაგრძობდნენ წოვას.
ჯერ არ ესმოდათ, რას ნიშნავდა მტერი, ხიფათი, სიკვდილი,კატაც კი არ იცოდნენ ვინ იყო. მე გვიან მომაგონდა ფოტოს გადაღება.
ტელეფონი დამჯდარი დამიხვდა და სანამ შევაერთე,სანამ ცოტათი დავტუმბე,ალექსანდრე დარაჯობდა. რომ მივედი, უკვე წამომდგარი იყო თან მიდიოდა, თან ძუძუებზე მოჭიდებული შვილები მიჰყავდა“, – წერს ეფემია ვარდოსანიძე.