
ბოლო დღეებში ინტერნეტითა თუ სხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ შესაძლოა 11 აგვისტოს თბილისში გასამართ უეფას სუპერ თასის მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.
ერთ-ერთი ინფორმაციით, „ბარსელონას“ არგენტინელი წევრები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო ჩილეში მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ თამაშის გამო „ბარსელონასგან“ ერთთვიან შვებულებას ითხოვენ და თუ კლუბმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ისინი გუნდს 11 აგვისტოს, ანუ იმ დროს შეუერთდებიან, როდესაც კატალონიური გუნდი თბილისში ითამაშებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს არგენტინელებისთვის ერთთვიანი შვებულების მიცემის საკითხს 18 ივლისს გასამართ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გადაწყვეტს. სიმართლეს არცერთი ეს ინფორმაცია არ შეესაბამება.
საქმე ისაა, რომ მესის, ისევე როგორც ხავიერ მასკერანოსა და ჩილელ მეკარე კლაუდიო ბრავოს, ერთთვიანი შვებულება ისედაც აქვთ. ისინი დასვენებას 5 ივლისს დაიწყებენ, ხოლო „ბარსელონას“ 3 აგვისტოს შეუერთდებიან - ესაა მაქსიმალური თარიღი. თუ რომელიმე ფეხბურთელი გადაწყვეტს, შეუძლია შვეულება შეიმციროს და ბარსელონაში 3 აგვისტომდე დაბრუნდეს.
„ბარსელონა“ თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლეო მესის „სევილიასთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 6 დღე ექნება. ამის გამო, მართლაც არის იმის რისკი, რომ „ბარსას“ ათმა ნომერმა თბილისურ მატჩში არ ითამაშოს, თუმცა ეს არ ეხება საქართველოში მის ჩამოსვლას. მესი თბილისში გუნდთან ერთად ჩამოვა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, გამოვა თუ არა მოედანზე.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ბარსელონა“ 8 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, ბილბაოს „ათლეტიკს“ დაუპირისპირდება, უფრო ადრე კი გამპერის თასზე თამაში უნდა გამართოს. თუ მესიმ რომელიმე ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, მაშინ თბილისში მისი თამაშის შანსები გაიზრდება.
წყარო: barcamania.ge