-
2015-01-20 21:55
"მეორე არხის" გადაცემა "გამომძიებელი რეპორტიორის" პროდიუსერი და ავტორი ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილს დაღუპვამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დაუკავშირდა და ამ უკანასკნელმა დაუდასტურა, რომ პირობა ძალაში იყო: ისინი ერთად უნდა შეხვედროდნენ 2006 წლის სპეცოპერაციის მოწმეს, რომელიც ამბობდა, რომ მაშინ ჩვენება იძულებით დააწერინეს.
იური ვაზაგაშვილი რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამბობდა: "დამიკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა, აი ახლა დაჩოქილი ვარ, სანთელი მაქვს ანთებული და პატიებას გთხოვთო... პირველად ვამბობ ამას თქვენთან... მერე მითხრა, მეც, ისევე როგორც სხვებს, მაშინ ჩვენება იძულებით დამაწერინესო".
იური ვაზაგაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ პრესკონჰერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილი კოტრებთან არა ორმხრივი სროლის დროს, არამედ საკონტროლო გასროლით მოკლეს. იური ვაზაგაშვილი ამტკიცებდა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტოები აქვს, თუმცა, ექსპერტები გამორიცხავენ, რომ ფოტოს მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს, რა მანძილიდანაა ტყვია ნასროლი და არის თუ არა ჭრილობა მიღებული საკონტროლო გასროლის შედეგად.
რაც შეეხება მოწმეს, რომელიც 2006 წლის სპეცოპერაციის თვითმხილველია და საქართველოდან წასული იყო, ლია ტოკლიკიშვილის განცხადებით, ის იური ვაზაგაშვილთან ერთად მას 20:00 საათზე უნდა შეხვედროდა. ტოკლიკიშვილის თქმით, მას ვაზაგაშვილმა უთხრა, რომ მასალაზე მუშაობის დროს მათზე ზეწოლა არ იყო გამორიცხული.