
"ფეისბუქზე" დარეგისტრირებულმა გვერდმა "ბიძინას ბანქო" პარლამენტის კომიტეტში ნიკა გვარამიასა და გია ჟორჟოლიანს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ურიგოდ "ამოაბრუნა" გია ჟორჟოლიანის ბანქოს ქაღალდი "ბიძინას დასტიდან", რომლის გამოქვეყნებასაც მოგვიანებით აპირებდა.
შეგახსენებთ, "რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა "უზრდელი" უწოდა, აგინა, მასზე გაიწია და დარბაზიდან მისი გაგდებაც მოითხოვა. ნიკა გვარამია ყველა ტელევიზიის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვდა, რა დროსაც ჟორჟოლიანმა მას წარსული შეახსენა, რასაც კამათი მოჰყვა.
რაც შეეხება ბანქოს, "ფეისბუქზე" რეგისტრირებულ გვერდზე ბოლოს სხვადასხვა "მასტის" ორიანებზე გამოსახული პერსონები გამოქვეყნდა. მათ შორის არიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე პრემიერის პირადი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.