-
2014-12-19 04:01
უკრაინა 17 დეკემბერს ივანოვო-ფრანკოვოში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა: სამართალდამცველებმა ტყის მასივში გარდაცვლილი ოჯახის წევრები იპოვეს: ქალი, მისი ქმარი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ მოკლული.
ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი 2 წლის გოგონა იყო, მისი და 4, ხოლო ძმა - 6 წლისანი იყვნენ. მოგვიანებით გამოძიება არანაკლებ შემზარავ დასკვნამდე მივიდა. ქმარი და სვილები 26 წლის ტატიანა ვლასიუკმა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამ ვერსიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, პირველ რიგში, ტატიანას პირველი ქმარი. მამაკაცი ამბობს, რომ ისინი მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს და ხშირად კონტაქტობდნენ. მისივე თქმით, ის ეკონტაქტებოდა ბავშსვებსაც, იცის ტატიანას დამოკიდებულება მათ მიმართ და გამორიცხავს, რომ მას შვილების მოკვლა შეეძლო.
საქმეში მოწმის სახით ტაქსისტიც ფიგურირებს, რომელმაც ოჯახი ტყის მასივიდან 7 კმ-ში ჩამოსვა. მათ ჩანთები აიკიდეს და უგზოობის გამო (თოვლი და ნისლი) გზა ფეხით გააგრძელეს. რატომ გადაწყვიტა ოჯახმა ტყეში წასვლა და რა მოხდა შემდეგ ტყის მასივში, ზუსტად არავინ იცის.
გამოძიება ქალის მიერ ქმარ-შვილის მოკვლისა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების ვერსიას იმიტომ იზიარებს, რომ ჩანთებში ფული და ძვირფასი ნივთები ხელუხლებელია, ხოლო სანადირო თოფი ქალის გვერდით ეგდო. ადგილზე არ იყო ბრძოლის კვალი, თუმცა, ნივთები მიმოფანტული დახვდათ.
„ჩვენ ვიპოვეთ სანადირო თოფი და ფსიქოტროპული აბები“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მედიასთან. ცნობილია, რომ ოჯახი მკვლელობის ადგილიდან 17 კმ-ში მდებარე სოფელში ცხოვრობდა. ამ სოფელში 5.000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, მათი ნაწილი ამბობს, რომ ამ ოჯახს არ იცნობენ. პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქალს გართულებულებული ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან. ასევე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი არალეგალურად ფლობდა სანადირო თოფს და ქალს მის ხმარებას ასწავლიდა.
შერყეული ფსიქიკის ან პესიმიზმის კვალი ტატიანას ინტერნეტაქტივობებში არ ჩანს. სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელებში მის პროფილებიც შეისწავლეს. ქალი ცხოვრების ხალისით სავსე ადამიანისა და მოყვარული დედის შთაბეჭდილებას ტოვებს: მისი ალბომები სავსეა ბავშვების და მისივე ფოტოებით.



