
ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადება სიმართლეა, რადგან ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ახლა მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გახილვის დრო არ არის.
“ჩემი კომპეტენცია არ არის ევროპარლამენტარების განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. მოდით ასე ვთქვათ, მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და მას ნეიტრალურობის სტატუსის შეცვლაზე გეგმები არ გააჩნია. იქ არ დგას ნატო-ს წევრობის საკითხი. უკრაინას რაც შეეხება, ნათლად და გამოკვეთილად არც მას მიუთითებია, რომ იგი უახლოეს მომავალში ნატო-სკენ იმოძრავებს.
უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში რეფორმების გატარებაა. ჩვენ ვიზიარებთ მის ამ გამონათქვამს და ვთვლით, რომ მათი პრიორიტეტი რეფორმებია და დახმარებასაც გავუწევთ. რაც შეეხება საქართველოს, აქაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ განსხვავებული თვალსაზრისით. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს არის ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, თავისი სტრუქტურით და არსით შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება გაწევრიანების გზაზე. ამ კონტექსტში ელმარ ბროკი სწორ განცხადებას აკეთებს, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ს წევრობაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.