
მელბურნელი ნიკოლ გრეჰემი, რომელიც ქალიშვილთან ერთად მდინარის ნაპირის აყოლებაზე ცხენით სასეირნოდ წავიდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ მთელი დღე კოშმარად გადაექცეოდა.
ნიკოლის ცხენი, 18 წლის ასტრო მოულოდნელად, მცოცავ ქვიშაში ჩაეფლო. მას მიჰყვა ნიკოლის ქალიშვილის ცხენიც, რადგან ყველაფერი წამებში მოხდა და ქალმა შვილის გაფრთხილება ვერ მოასწრო.
ნიკოლმა სამაშველო სამსახურთან დაკავშირება მოასწრო. მაშველებმა ნიკოლის ქალიშვილის ცხენი ამოიყვანეს, ასტროს ამოყვანა ლაფიდან ვერ ხერხდებოდა. ნიკოლმა მთელი სამი საათი მცოცავ ქვიშაში ჩაფლულმა, ასტროსთან ერთად გაატარა: ქალი მას ეხვეოდა, ეფერებოდა და ამხნევებდა.
მაშველები ადგილზე ვეტერინართან და ფერმერთან ერთად მივიდნენ. ეს უკანასკნელი იქვე ცხოვრობდა და გაუვალი გზის გამო, ყველანი საკუთარი ტრაქტორით მიიყვანა შემთხვევის ადგილამდე.
ასტროს დამაწყნარებელი ხსნარი შეუშხაპუნეს, რომ დამფრთხალს, თვითონ არ ეცადა ლაფიდან ამოსვლა, სანამ მას უშველიდნენ. თუ ის ლაფიდან ამოსვლის უშედეგო მცდელობას გააგრძელებდა, გადაიქანცებოდა და, შესაძლოა, დიდი დატვირთვის გამო მომკვდარიყო.
მაშველებმა როლები გადაინაწილეს და სწრაფად დაიწყეს მუშაობა, რადგან მალე მოქცევის დაწყების დრო ახლოვდებოდა და ეს ადგილი წყლით დაიფარებოდა. მათ განკარგულებაში ვერტმფრენიც იყო, მაგრამ მაღლა აწევის გზით ცხენის ამოყვანის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.
საბოლოოდ, გადარჩენის ოპერაციაში გადამწყვეტი როლი მაინც ტრაქტორმა ითამაშა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ასტრო ლაფიდან ამოიყვანეს. ქანცგაწყვეტილი ცხენი ქვიშიდან ამოსვლისთანავე წაიქცა, მაგრამ მალევე მოსულიერდა.
ნიკოლი 20 ცხენის პატრონია. მან თავლა იმიტომ ააშენა, რომ ცხენები ძალიან უყვარს და გადაწყვიტა, მათი დაავადებული კბილებისთვის ემკურნალა, რათა ისინი ტკივილით არ დატანჯულიყვნენ. უკვე 20 წელია, ნიკოლი ამ საქმიანობას მისდევს.
მოამზადა ბექა ბერულავამ