
სვასტიკის ტატუიანი მასობრივი მკვლელი ჩარლზ მენსონი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, რამდენიმე თვეში ცოლს ირთავს. გავრცელებული ინფორმაციით, მენსონმა მიიღო ქორწინების ლიცენზია 26 წლის ელენ ბურტონთან შესაუღლებლად.
ბურტონი დაახლოებით ცხრა წლის წინათ გადავიდა საცხოვრებლად კალიფორნიაში, რათა ახლოს ყოფილიყო მენსონთან. მან ჟურნალ „როლინგ სტოუნზს“ საქორწინო გეგმებიც გაუმხილა.
„პირდაპირ გეტყვით, რომ მე და ჩარლი დაქორწინებას ვაპირებთ, ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერ არ ვიცით. მაგრამ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ჩარლი ჩემი ქმარია.“
თავად მენსონმა იმავე ჟურნალს განუცხადა, რომ ვარაუდები ქორწინების შესახებ „სრული აბსურდი“ იყო, მაგრამ ბურტონის თქმით, ამის შემდეგ მან აზრი შეიცვალა.
ჩარლზ მენსონი ამჟამად 80 წლისაა. შეგახსენებთ, მან ჩამოაყალიბა სექტა კალიფორნიაში, 1960-იან წლებში და სურდა, რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ის ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.
მისი შთაგონებით მენსონის ოჯახის წევრებმა მოკლეს ფეხმძიმე ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე.
მენსონი 1969 წლიდან დაპატიმრებულია და კალიფორნიის ციხეში იმყოფება. მენსონს არაერთხელ უთხრეს უარი ამნისტიაზე, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ის ციხიდან 2027 წელს, 92 წლის ასაკში, თავდებით უნდა გამოვიდეს.