-
2014-11-15 01:35
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საკუთარი სახლის სადარბაზოში ცემეს, - ოფიციალური ცნობისგან განსხვავებულ ინფორმაციას გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ელისო კილაძე ავრცელებს.
"სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დათო გალეგაშვილი საკუთარი სახლის სადარბაზოში სცემეს. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მინისტრის მოადგილე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. არაოფიციალური ინფორმაციით, დათო გალეგაშვილი ასფალტის ქარხნის მოწილეა", - წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცემი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საავადმყოფოშია გადაყვანილი, თავდაპირველად "რეაქციის" ეთერში გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გაახმიანა, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.
მოგვიანებით, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დავით გალეგაშვილი კომაშია და საავადმყოფოში იმყოფება, ამის მიზეზად კი წაქცევის შედეგად მიღებული თავის ტრავმა დაასახელა, უარყო რა გავრცელებული ინფორმაცია მისი ცემის სესახებ.