დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არა იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა. მისივე აზრით, ამაზე ლაპარაკი უხერხულიც კია.
დავით ზურაბიშვილი სტატუსს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს:
„არ შემიძლია ამ ე. წ. შეთქმულების თემას არ გამოვეხმაურო.
შსს მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა შეიქმნას კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებმაც (ციტატა)
"უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის თვალწინ შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა; გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვის პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში".
ახლა, საქმე რაშია: ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე ნაცმოძრაობის ლიდერებს ვიცნობ (და საკმაოდ კარგად ვიცნობ), ასეთი პროვოკაციული და არცთუ კეთილშობილური ქმედებები მათ სტილში ორგანულად ჯდება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის შეთქმულება. ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით.
ფერების გამუქება, ნაკლოვანებების გაბერვა, ბუზის სპილოდ გადაქცევა და ა.შ. ტიპის მცდელობები (და რაც ჭიკაიძემ ჩამოთვალა, სწორედ ესაა) შესაძლოა არ მოგვეწონოს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა. პოლიციის საქმე არ არის იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა. ცოტა უხერხულიც კი მგონია ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს. საჭიროა.
და საჭიროა იმიტომ, რომ როდესაც ხდება პოლიტიკური ბრძოლის თანდაც მწვავე და პროვოკაციული ფორმების გამოცხადება შეთქმულებად და კრიმინალად, ამის გარდუვალი შედეგი არის სწორედ ის,რასაც ჰქვია (კვლავ ციტატა) "ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში."