
ექსპერტი, პოლიტილოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ „რუსეთთან ურთიერთობა ისევე არ აგვცდება, როგორც ანდაზის მიხედვით, ახალ პატარძალს“. - ამის შესახებ ცინცაძემ „ივერიონს“, ექსკლუზიური ინტერვიუს დროს უთხრა.
სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანს ტავის დროზე უმაღლეს შეფასებებს უწერდა, მაგრამ თურმე შემცდარა: „თეა წულუკიანი რომ ამბობს, მაღალი ანაზღაურების გარეშე თანამდებობის პირი ღირებულად ვერ იმუშავებსო, როგორ არ ესმის, რომ ასეთი შეხედულება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს?!
მე თეას ხუთიანებს უმაღლესს, ვუწერდი თავის დროზე და ახლა ჩემს თავს ვუწერ უმცირესს, რადგან შევმცდარვარ მის შეფასებაში. მაშინ, როცა ახალი პროექტებისთვის მხოლოდ 46 მილიონია გამოყოფილი და მინისტრები ათობით მილიონს იღებენ პრემიების სახით, ეს სრულიად მიუღებელია!..“- ამბობს სოსო ციცაძე. „ივერიონთან“.
სოსო ცინცაძე ასევე ამბობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ბევრს არაფერს ნიშნავს: „15 წელია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი ალჟირს, მაროკოს თუ ტუნისს. რაც შეეხება ჩვენს რუსეთთან ურთიერთობას, ავად თუ კარგად, ეს ისევე არ ,,აგვცდება“, როგორც ანდაზის მიხედვით, ახალ პატარძალს!..“
„ივერიონის“ კითხვაზე, ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ვერ გაიგო, რით დაიმსახურა ალასანიამ რეიტინგი:
„მე მგონი, ალასანია მხოლოდ აქუბარდიას აუდიტორიას მოსწონს! რით დაიმსახურა ალასანიამ რეიტინგი? მაპი მივიღეთ, ნატოში შევედით, ავღანეთში ჯარი იქამდე იყო... სხვათა შორის, ამ ჯარს დღეს ფაღარათი სჭირს... ან ეს თვალებაპრუწული ნავარო თაღლითობს რაღაცას ან საზოგადოება გაგიჟებულა!“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
სოსო ცინცაძის თქმით, „დღეს კოალიციაში მყოფ პარტიებს და მათ მარგინალიზაციისკენ მიმავალ წევრებს რუსული ტანკებითაც ვერ გამოყრი იქიდან“: „ისინი ხომ არაფერი იყვნენ და უცებ ყველაფერი გახდნენ?! ვასაძის ნაბიჯები სარისკოა იმ მხრივ, რომ არ იცის, ვინ უნდა შემოიკრიბოს თავის გუნდში, ათასმინუსიანი მარგველაშვილსთანები? მართალია, ვასაძეს მხარდაჭერა აქვს პატრიარქისგან, მაგრამ პატრიარქიც არ არის დღეს იმ ფორმაში, თავისი რესურსის რეალიზაცია რომ შეძლოს. დღევანდელი პარლამენტიდან ბესელიას, ძიძიგურს და ქუცნაშვილს თქვენ გამოყრით?!
თუ ივანიშვილმა კეტი არ აიღო და არ გაყარა ისინი, ცუდად იქნება პარლამენტის საქმე. კოალიციაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე 3-4-5%-ის გადამლახავები არიან? კვორუმი არ ჰყოფნით და კობახიძე ჯარიმებით იმუქრება, არადა ჯარიმებს სტუდენტებსაც არ ვუწესებთ უკვე გაცდენებზე, ეს ცირკი არ არის?! თუ ვასაძე დაშლის ამათ, კი ბატონო! რაც შეეხება ლორთქიფანიძე-ნარმანიას, ზუსტად ვიცი, რომ მოსკოვის პროსპექტზე ნარმანიამ 15კაცი ვერ შეაგროვა, ლორთქიფანიძეს კი მთელი მოედანი უსმენდა. გინდათ გითხრათ, რატომ გაიმარჯვა ,,ოცნებამ“ პირველ ოქტომბერს ასეთი რეიტინგით? მათ მოატყუეს მიშას ხელისუფლების ჩინოვნიკები, სამსახურებიდან არ გაგათავისუფლებთო, მათაც დაიჯერეს და ხმა ბიძინას მისცეს.
დღეს საქართველოში 65000 სახელმწიფო მოხელეა, ეს გადაამრავლეთ მათი ოჯახის 4-5 წევრზე და მიშას არჩევნები მოგებული ჰქონდა, მაგრამ მოატყუეს. ისინიც კარგად გაათავისუფლეს და თავისიანებით ჩაანაცვლეს. დღეს საქართველოში ნეპოტიზმი თაიგულებად ყვავის! ერთი რამ, რაც კალაძე-ღარიბაშვილის დამსახურებაა, ისაა, რომ ,,ნაციონალებიდან“ ,,ოცნებაში“ „მხტომელები“ შეაჩერეს და შიხიაშვილის მსგავსად ჭკუა ასწავლეს“, - ამბობს „ივერიონთან“ სოსო ცინცაძე.