
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, როგორც საფრთხეს, ზოგიერთები რეალურად არ აფასებენ იმ საშიშროებას, რაც "ისლამური სახელმწიფოსგან" ყოველთვის მოდიოდა და მოდის, რადგან საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია.
"ის საშიშროება, რომელიც მოდის ,,ისლამური სახელმწიფოსგან“, არის აბსოლუტურად რეალისტური და საფრანგეთის და ბელგიის ბოლო მოვლენებიც ამას უსვამს ხაზს. ყველაზე ცუდი ამ ფონზე არის ის, რომ გამოდიან ვაი-პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ სირია ჩვენგან შორს არის, ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ საშიშროება არ გვემუქრება და ა.შ. არ შეიძლება საფრთხე ასეთი კუთხით იყოს შეფასებული.
როგორც აღვნიშნე, საფრთხე არის რეალური, მე არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და მანამ, სანამ ასეთი ტერორისტული ორგანიზაციები იარსებებენ, ბუნებრივია, საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იქნება საფრთხის ქვეშ. ამიტომ ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ თითოეული ჩვენგანი - საზოგადოება, პოლიტიკოსები, ხელისუფლება, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევებს ხვდება ძალიან დასუსტებული.
საქართველოს კონტრდაზვერვის და უშიშროების ელიტარული ოფიცრები დღეს ციხეში იმყოფებიან ან ქვეყნიდან წასულები არიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს უსაფრთხოებას. მაგალითად, ლევან ტაბიძე იხდის სასჯელს ჰაერიდან შექმნილი ბრალდებით. ეს არის ადამიანი, რომელზეც დიდწილად იდგა ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახური.
ციხეში არიან მისი მეგობრებიც, ასევე დასუსტებულია კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა, რადგან მთლიანად არის შეცვლილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ ინვესტიციას დებდა ამ ოფიცრების პროფესიონალიზმის განვითარების კუთხით. ახლა კი იქ არიან ახალი ადამიანები, რომლებიც ბუნებრივია, განიცდიან გამოცდილების ნაკლებობას.
და ბოლო რასაც გამოვყოფ, სამ წელზე მეტი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და საბოლოოდ არის ჩაშლილი მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ასეთივე ხელშეკრულება აშშ-ს მაგალითად აქვს იორდანიასთან, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი უსაფრთხოების.
ჩემი ვიზიტი 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ ის დაზვერვითი ინფორმაცია, რომელსაც აშშ ფლობს და რომელიც ეხება კავკასიას, ხვდებოდეს საქართველოში. ეს მოლაპარაკებები სამწუხაროდ, ჯერ შეჩერდა და მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ამ მთავრობამ გაააფორმა ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის კუთხით, საერთოდ ჩაიშალა.
თითქმის ფინალში ვიყავით გასული და 2012 წლის დეკემბერში ვაპირებდით ხელშკრულების გაფორმებას, რომელიც ათჯერ გაზრდიდა ჩვენს უსაფრთხოებას. თუმცა ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ...", - წერს შაშკინი.