
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს, რომ გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ხელისუფლებას ელექტორატის ნაწილი დააკარგვინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ელექტორატი ენმ-ს მხარდამჭერი გახდა.
„ჩემი აზრით, ამ ორმა დღემ ხელისუფლებას დააკარგვინა გარკვეული რაოდენობის ელექტორატი, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიდის. ეს ადამიანები თვლიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უარესი ოპოზიცია, რომელსაც მათ განაჩენი გამოუტანეს სამი წლის წინ, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების განაჩენი მათ თვალში ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისგან წასულები იქ წავლენ, ხელისუფლებას არა აქვს, მაგრამ აქვს რისკი, რომ, ელექტორატის დაკარგვით, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი შემცირდება, რაც ძალიან მყიფეს ხდის საზოგადოებაში მის საყრდენს“, - ამბობს ხუხაშვილი.