
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა გაუმზადონ და რომ სასამართლოზე დღის წესრიგს უკვე არა ივანიშვილი, მეჭიაურიც კი ადგენს.
„სასამართლოში უკვე დღის წესრიგს არა ივანიშვილი, არამედ უკვე მეჭიაურიც კი ადგენს. დღეს მეჭიაური გამოდის - ეს გაუგებარი წარმონაქმნი - და საუბრობს, რომ რამდენიმე საათიანი ზეიმი იყო თურმე. არ ვაპირებ არანაირი დასკვნითი სიტყვის თქმას. ჩაიდოს სასამართლოს საქმეში ის, რომ დასკვნითი სიტყვის გარეშე, მთავარი მოწმის დაკითხვის უფლების გარეშე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც, ყველა შემთხვევაში, სამართლებრივად იქნება ნაკლული. ეს ერთადერთ რამეს ემსახურება - ჩააბარონ მზის ჩასვლამდე ივანიშვილს პატაკი. მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე იძინებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის ყოფილმა მერმა თავისი სიტუაცია გაბრიელ გარსია მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" შეადარა და განაცხადა, რომ თავი მოთხრობაში ჰგონია.
"14-თვიანი პატიმრობიდან გამოვედი, პირველ საათზე მივედი სახლში, დაძინება ვერ მოვასწარი და უკვე ისევ სასამართლოში ვარ. რაღაცა ადამიანური სტანდარტებიც ხომ არსებობს და შესაძლებლობების ზღვარიც ხომ არსებობს. ასეთ პირობებში, როცა ამხელა ფსიქოლოგიური წნეხია, სასამართლოზეც და ჩემზეც. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავითაა. ყველამ რომ ყველაფერი იცის. მოთხრობაში მგონია თავი", - განაცხადა გიგი უგულავამ სასამაღთლო პროცესზე.