-
2015-09-13 01:35
"ფორბს ჯორჯიას" რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება 2013 წელს გამოქვეყნებულ უილიამ დანბარის სტატიაზე ("რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს - ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა") ატეხილ აჟიოტაჟს და შოტლანდიაში მისი სტუმრობის დეტალებს ქართულ სინამდვილესთან პარალელის გავლების მიზნით იხსენებს.
"ჩამოვედი წილხვედრში და დამხვდა აყალმაყალი სტატიაზე, რომელიც პირადად დავურედაქტირე უილიამ დანბარს ორიოდ წლის წინ. ერი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ავტორმა ჩვენს სამზარეულოს მოსაწყენი უწოდა.
შოტლანდიაში ვიყავი. კლიმატური პირობების გამო, მათ სამზარეულოში თითზე ჩამოსათვლელი ინგრედიენტებია, მაგრამ პერვერსიული გასტრონომიული ორგაზმი მქონდა იმდენნაირად შეუხამეს ერთმანეთს გავრცელებული პროდუქტები, იმდენნაირად შემომთავაზეს ესა თუ ის კერძი, იმდენნაირად განავითარეს მათი გემო, იმდენი მეთოდით მოამზადეს და იმდენად იზრუნეს, რომ გემოს სენსორებთან ერთად, თვალსაც არ მოეწყინა. შესაძლებლობიდან ყველაფერი გამოწურეს.
ვინც მიცნობს, იცის, ყოველგვარი "მაზიანის" გარეშე შემიძლია 4-კაციანი კანჭის 2/3 მარტომ შევჭამო, ერთლიტრიანი ბოკალით ლუდი სამჯერ დავაყოლო და მაინც, რაღაც ეშმაკის მანქანებით, არ გავსუქდე. ოთხ დღეში შოტლანდიაში მოვახერხე ის, რაც აქ წლების განმავლობაში ვერ მოვახერხე – ცოტა ფერზე მოვედი. სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით ყბა არ გამიჩერებია.
ჩამოვედი და აღშფოთებული დამიხვდა ქვეყანა, რომელიც ზღვას ესაზღვრება და თევზს მარტო ორნაირად ამზადებს. ქვეყანა, სადაც უამრავი რამე ყვავის, მაგრამ ისეთ ბანალურ მწვანილს ვერ იშოვი, როგორიც რუკოლაა. ქვეყანა, სადაც რესტორნების 99.9%-ის მენიუ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგავს და ა.შ. და ა.შ.
ვფიქრობთ, გასტრონომიის სფეროშიც ისეთები ვართ, როგორც ყველა სხვა სფეროში: გვაქვს ღმერთისგან თავზე ჩამობერტყილი პოტენციალი და რესურსი, ბევრი რამე გავაკეთოთ, მაგრამ უფანტაზიობისა, თუ სიზარმაცის გამო, ვერ ვახერხებთ ამას. და როცა ვიღაცა დანანებით გაიქნევს ამაზე თავს, იმ წამსვე "ტრადიციების" კარტს ვაძვრენთ სახელოდან – წინაპრებს მივაგებთ პატივსო.
პატივცემული ხინკლისტებო, რასაც "ქართულ სამზარეულოს" დღეს ვეძახით, სინამდვილეში "ქართული საბჭოთა სამზარეულოა". ამის შემოწმება ხომ ადვილია, გადავხედოთ სულ რაღაც 100 წლის წინ გამოცემულ რეცეპტებს ბარბარე ჯორჯაძისგან და ვნახოთ, რამდენ კერძს ვერ აღმოვაჩენთ თანამედროვე ქართული რესტორნების "ტრადიციულ" მენიუებში. ან აკაკის ნადიმის მენიუებს (აქ, სხვათა შორის, ღვინის სმის ნამდვილ ტრადიციასაც შეხვდებით, რაც პადპოლნი ცეხავიკებმა ლამპის შუშებით, კრამიტებით და მლიქვნელური სადღეგრძელოების უსასრულო წყებით ჩაანაცვლეს).
სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც არც მოლეკულარული სამზარეულო არსებობდა და არც პროდუქტების ქორფად ტრანსპორტირების საშუალებები, ქართული სამზარეულო ბევრად მრავალფეროვანი და ამაღელვებელი იყო, ვიდრე დღეს. სუფრის ეტიკეტი კი მეტად კულტურული და რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე ორიენტირებული.
პ.ს. ეს არ ეხება იმ რამდენიმე რესტორატორს, რომლებიც ზრუნავენ სფეროს განვითარებაზე (მათზეც დაგვიწერია Forbes-ში). კარგი იქნება თუ კვირის პალიტრა, დედანის ბმულის მითითებით, ამ უკვე გაციებულ სტატიებსაც შეაცხელებს ვაგზლის ხაჭაპურივით და ახალ რეიტინგულ ნიუსად მიაწვდის უცხოელების გინებაზე დამშეულ ქვეყანას".