
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით ორი თვით დაისვენებს, მერე კი აუცილებლად გეგმავს ეთერში დაბრუნებას.
"ახლა რომ კომენტარი გავაკეთო, რას ვაპირებ და რას ვგეგმავ, არ იქნება სწორი, რადგან ეს ჯერაც ცხელი თემაა, მაგრამ მე მინდა მივმართო მათ, ვისაც გაუხარდა ჩემი გადაცემის დახურვა - გავეცანი რამდენიმე მოსაზრებას: "ტყუილად გიხარიათ, წინასაარჩევნოდ ვინც ეკრანიდან ჩემი მოცილება დაგეგმა, მე აუცილებლად დავბრუნდები პირდაპირ ეთერში", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ "არჩევანში".
მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს მან დიდი კომპენსაცია მიიღო გადაცემის დახურვის სანაცვლოდ. ინგა გრიგოლიას განცხადებით, მისი გუნდის წევრები არ არიან თანახმა, დარჩნენ ტელეკომპანია "იმედში" და იმუშაონ სხვა თოქშოუზე, ხოლო კომპენსაციის გაცემა მოხდება კონტრაქტის მიხედვით, რაც კონტრაქტის გაწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში ხელფასის გაცემას გულისხმობს.
ინგა გრიგოლიას თქმით, არაფერი სმენია გიორგი გაბუნიას მიერ დასახელებული ვერსიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან გოგა ხაინდრავა ჩავიდა და პირდაპირ მოითხოვა ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა. ტელეწამყვანმა "ქართული ოცნების" შავრაზმელების მიერ" "ფეისბუქზე" აგორებული კამპანიაც გაიხსენა, რომელიც აშშ-ში ყოფნის დროს კოლეგებთან, მათ შორის, გიორგი გაბუნიასთან გადაღებული სელფების გამოქვეყნებას მოჰყვა: "ბევრი წერდა, რომ ჩვენი სელფები თითქოს ჩვენს სამზადისზე მიუთითებს, რომ აი, ესენი ამერიკაში ტყუილად არ არიან და სემოდგომისთვის რარაცას გეგმავენ, აბა სურათები ერთად რატომ გადაიღეს?", რასაც გიორგი გაბუნიას რეპლიკა მოჰყვა:
"ანუ, შეიძლება, გვქონდეს ერთობლივი ფოტოები, მაგრამ იქ უნდა ჩანდეს, რომ ერთმანეთთან არ გვინდა და ძალით ვართ მოხვედრილები..."