-
2015-09-08 22:54
"მე მაქვს ჩემი კონკრეტული ეჭვები, რომ პოლიტიკური თოქშოუების დახურვა "იმედზე" არის იმ პოლიტიკური გეგმის ნაწილი, რომლის ავტორი არის თქვენთვის და ჩვენთვისაც კარგად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ "არჩევანში" განაცხადა.
ინგა გრიგოლიამ "ქობულეთური შეხვედრები" ახსენა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ქობულეთში, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, მის გადაცემებზეც იყო საუბარი. ამასთან, ინგა გრიგოლიამ ხაზი გაუსვა ერთ უცნაურ გარემოებასაც:
"ძალიან უცნაური რამ ხდება ჩემს თავს: პირველად, როცა ხელისუფლებამ უარი თქვა ჩემს გადაცემაში მოსვლაზე, მე განვაცხადე ეს პირდაპირ ეთერში და ცარიელი სკამები ვუჩვენე, როგორც ეს სააკაშვილის დროს გავაკეთე. ამის შემდეგ ღამით დაიდო განცხადება "იმედის" მხრიდან, ვებგვერდზე, სადაც პირდაპირ გამემიჯნნენ, მერე მოხდა ისე, რომ აშშ-ში სამკვირიანი ყოფნის შემდეგ ჩამოვდივარ 28 აგვისტოს და ღამით დებენ განცხადებას, რომელიც ისე ნაჩქარევადაა დაწერილი, რომ სიტყვის ბოლოს "დ" და "თ" სად იყო საჭირო, ისიც ვერ განსაზღვრეს, და მერე უკვე მესამედ, ასევე ღამით, როცა ბატონმა ვატო აბაშიძემ განაცხადა, რომ 29 ივლისს კომისიაში გავლილი ავტორიზაციის დროს "იმედის" ბადეში არანაირი ცვლილებები არ იყო დაგეგმილი, სასწრაფოდ დაწერეს, რომ არა 2016 წელს, როგორც თავიდან იყო აღნიშნული, არამედ ძალიან მალე გააკეთებდნენ ახალ თოქშოუს.
რა არის ეს განცხადებები ღამით? სად ვართ? რატომ მიდებთ განცხადებებს ღამით? ძალიან ძნელია, იცით, ღამით რომ დაიძინებ და დილით გაიღვიძებ და განცხადება გხვდება დადებული..."