
ირინა სარიშვილი 13 ივნისის ტრაგედიას სხვა რაკურსით აფასებს და წერს, რომ იმ დღის შემდეგ თითქოს ყველაფერი, რაც მანამდე იყო, გაუცხოვდა.
„არ ამომდის 13 ივნისი თავიდან. უბედურების უნახავი მე ნამდვილად არ ვარ. არც სენტიმენტალური ვარ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირადად მე შემეხო, არადა დაღუპულთაგან არავის ვიცნობ. მე თვითონ ვერ ვხსნი, რა მემართება.
ვიცინი, ვჭამ, სადღაც მივდივარ, რაღაც ჩემ პრობლემებზე ვფიქრობ და სულ ის ღამე მიდგას მაინც თვალწინ.
ვინ რისი გაფიქრება მოასწრო, ვინ როგორ იწვალა.
მერე ჭირისუფლებზე ვფიქრობ, გადარჩენილებზე, ვისი ცხოვრებაც სახლთან ერთად წყალმა წაიღო და თავიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი.
ცხოველებზე ვფიქრობ, დახოცილებზე, გულდაღმა ჩახრჩობილ დათვებზე, დაბმულ მგელზე, შუმბაზე. იმ ვეფხვზეც, ძალიან კარგი კაცი რომ იმსხვერპლა. იმათზეც, ვისაც ეხლა ყველა ეძებს, რომ დახოცოს და ამით ყველა დაღუპულზე შური იძიოს.
და ყველა, ვისზეც მეფიქრება, მსხვერპლია.
მერე მახსენდება, იმ ღამით როგორ მოვქანდი სახლში და როგორ გამიხარდა, რომ ბავშვები სახლში იყვნენ და ჩემებს არაფერი ემუქრებოდათ. იმ წამებში სხვა არაფერი მადარდებდა.
მახსენდება და ჩემი თავი მძულს იმ წუთებში.
მერე ყველაფერი გავიგე და გავქვავდი.
იმ დღიდან ვგრძნობ, რომ ჩემთვისაც,თითქოს იმ დღის ჭირისუფალთა მსგავსად, ახალი ცხოვრება დაიწყო. ძალიან უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ ასეა და რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცი.
ყველაფერი, რაც აქამდე იყო, გაუცხოვდა.
წინ ან სინათლეა, ან დასასრული..."