
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი იყო საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დროს, ასევე, გაუგებარია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. ილარიონოვთან "ბიზნესკონტაქტის" ინტერვიუს "კომერსანტი" აქვეყნებს.
"ბიზნესკონტაქტი": - საქართველოს პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების დაკისრებაში ჩაბმა შედეგს არ მოიტანდა. ხელისუფლებას ასეთი პოზიციაც ჰქონდა, რომ ქართველ ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით. როგორია თქვენი ხედვა?
– ეს არ არის ჯანსაღი პოზიცია. იმ სიტუაციაში, როდესაც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა მხარს უჭერს დასავლურ სანქციებს რუსეთზე აგრესორზე, რომელიც აგრესორი იყო რუსეთ – საქართველოს ომში, რუსეთ – უკრაინის ომში, ნებისმიერი ცივილიზებული და პასუხისმგებლიანი მთავრობის პასუხი ამ აგრესიაზე უნდა იყოს სანქციების მხარდაჭერა და არა ამ სიტუაციის გამოყენება. და თუ ამ სიტუაციის გამოყენება მართლაც მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა წაახალისებს კიდევ უფრო მეტ აგრესიას რუსეთის მხრიდან. ეს ძალიან უცნაური განცხადებებია.
– მთავრობა ქვეყანაში შენელებულ ეკონომიკურ ზრდას რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და ზოგადად რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს. თქვენ თუ ხედავთ ასეთ მკაფიო კავშირს?
– რეალურად ამ მოვლენებს შორის კავშირი არ არსებობს. მე მათ შევახსენებდი დიდი ქართველი რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ფრაზას – ,,მოდით, ვთქვათ, რომ კავკასიის რეგიონის მიღმა არაფერია ოკეანის გარდა და მოდით, ჩვენი ეკონომიკა ისე გადავწყოთ, რომ ევროპაზე გავხდეთ ორიენტირებულები’’. საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა და გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა. იმის მიუხედავად, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა იყო რუსეთში. ანუ დაშვება, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს დამოკიდებული რუსეთზე, მცდარია.
– თუმცა, ბოლო დროს რუსეთის ბაზარი გაიხსნა საქართველოსთვის. ექსპორტიც ამ ბაზარზე მზარდია. შიძლება ვთქვათ, რომ ეს შეიძლება გახდეს ამგვარი დამოკიდებულების წინაპირობა?
– ვფიქრობ, ამგვარი დასკვნის გაკეთება ამ ეტაპზე არასწორია. 8 წლის წინ, 2006 წლამდე რუსეთი ნამდვილად იყო უმსხვილესი საავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებითაც. მაგრამ მას შემდეგ საქართველომ მოახერხა, როგორც საკუთარი ექსპორტის, ისე იმპორტის მნიშვნელოვანი დივერსიფიცირება. რუსეთმა კი მეხუთე, თუ მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა ორივე ამ კატეგორიაში. ასე, რომ დიახ, რუსეთი არსებობს. გარკვეული დამოკიდებულება ყოველთვის იქნება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გაზი, ნავთობი. მაგრამ ეს არ არის სრული დამოკიდებულობა.
– რადგან ექსპორტის დივერსიფიცირება ახსენეთ, 2006 წელს რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა. როგორ ფიქრობთ, ბიზნესს სულ უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ვაჭრობას უფრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და არა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად?
– რა თქმა უნდა. სავაჭრო პოლიტიკას რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ენერგეტიკის, ფინანსური, სანიტარული პოლიტიკა, საინფორმაციო ომი, ჰიბრიდული ომი, ყველა ეს კომპონენტი რუსეთმა გამოიყენა, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ომში და რამდენიმე სხვა ქვეყნის მაგალითიც შეგვიძლია მოვიშველიოთ. ამდენად, საქართველოს სულ უნდა ახსოვდეს ის მეთოდები და არხები, რითაც რუსეთი იბრძვის.
– დღეს თქვენთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა?
– არა.
– მთავრობა ამბობს, რომ სოციალურად ორიენტირებულია. თქვენ რა ტერმინით დაახასიათებდით?
– თვითონ ცნება არ მესმის - რა არის სოციალურად ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ შენ ფულს ართმევ იმ ხალხს, ვინც ფულს გამოიმუშავებს და ფულს აძლევ მათ, ვისაც ფული არ გამოუმუშავებია. არასწორი მიდგომაა. ეს პრინციპში ალბათ საუკეთესო გზაა დააქციო საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკას ახსოვს პერიოდი, როცა წლიური ზრდა 8, 9, 10 % იყო. 2004 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში. დღეს ამის მსგავსი ზრდა არ შეინიშნება.