
„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციამ დაგმო ქალაქის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დროშის დაწვის ფაქტი. პარტიის ოფისში მიაჩნიათ, რომ აქცია "ნაციონალური მოძრაობის" პიარს ემსახურებოდა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ზურაბ წულაიას თქმით, ეს იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფის და არა სახელმწიფოს პროტესტი.
"დროშის დაწვა მიანიშნებს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ხალხი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება,"– აღნიშნა ერთ–ერთმა აქტივისტმა, გიორგი ნადარეიშვილმა. სანდრო ქუჩიშვილის აზრით კი დიპლომტიური ურთიერთობის აღსადგენად, კულტურული ურთიერთობების აღდგენაც სავალდებულოა.
"ყველაზე დიდი საყვედური თვითმმართველობის მიმართ მაქვს, რუსეთის ანსამბლი არ უნდა მოეწვიათ საერთოდ და არც მათი დროშა არ უნდა დაეკიდათ, თუმცა, დროშის დაწვა ნამდვილად ბინძური საქციელია"– აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა, ზვიად შუბითიძემ.