-
2014-10-27 17:20
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამისვლას, სადაც მან ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გამოეხმაურა.
ლელა კილაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ამ რაოდენობის ტყუილი ერთდროულად არასდროს მოუსმენია.
„პრემიერმა რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა, რომელსაც მისი მმართველობის წარმატებული პროექტები დაარქვა.
რა თქმა უნდა არ ვაპირებ, იმ „წარმატებების" განხილვას აქ, რაზეც იგი საუბრობს და პირდაპირ ავალებს საქრთველოს მოსახლეობას ამ ყველაფრის ჯერ დაჯერებას და მერე აღიარებას (მერე რა, რომ საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ ადამიანები ამას).
უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ მინიმუმ, უხერხულია რაიმე მიღწევაზე საუბარი მაშინ, როცა ადამიანების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ, საღამოს 8 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში!
უხერხულია დემოკრატიაზე და რაიმე ტიპის სტანდარტზე საუბარი, როცა პოლიტიკური ნიშნით, დაუფარავად დევნიან და აპატიმრებენ ადამიანებს!
დაცინვა და შენი მოქალაქეების უპატივცემულობაა დასაქმებაზე საუბარი, როცა ნათესავებით და საკუთარი ბიძაშვილ-მამიდაშვილებით აავსე სახელმწიფო თუ კერძო უწყებები, პოლიტიკური ნიშნით გამოყარე ადამიანები სამსახურიდან, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიუხედავად! უხერხულია, როცა სახელმწიფოებრიობაზე საუბრობ და თვალსა და ხელს შუა ირღვევა უკვე აწყობილი სისტემები და ასე უსასრულოდ!
P.S. აღარაფერს ვამბობ უთავმოყვარეობაზე (ან უმეცრებაზე), როცა „იჯერებ“ და სხვასაც „აჯერებ“, რომ ასოცირების ხელშეკრულება, შენი დამსახურებაა", - წერს ლელა კილაძე.