
„ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლების ნაწილი აქტიურადაა ჩაბმული ახალ ფლეშმობში, რომელსაც „აბა, პრემიერი გააკეთე“ დაარქვეს. ზოგი მას „ყეყეჩჩელენჯად“ მოიხსენიებს.
ფლეშმობი „ირაკლი ღარიბაშვილის პოზაში“ ფოტოების გადაღებასა და ატვირთვას ითვალისწინებს. ფლეშმობის მონაწილეები ფოტოებს თავაწეული იღებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური შეხვედრების ამსახველი, მისსავე ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამგვარ პოზაშია გადაღებული.
ფლეშმობის იდეის ავტორები და ისინი, ვინც უკვე ჩაერთნენ ამ პროცესში, წერენ, რომ შესაძლოა, მალე „ფეისბუქით“ აქციაც დაიგეგმოს, სადაც მისი მონაწილეები ანალოგიურ პოზაში მივლენ სახელმწიფო დაწესებულებებთან.