
რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში თავისი უცნაური სურვილის შესახებ წერს.
„როგორც სკოლაში ვნატრობდი, ისე ვნატრობ ავად რომ გავხდე! ისეთივე სიძლიერით ვთხოვ განგებას: ძალიან მინდა ავად რომ გავხდე!
მინდა, რომ მივლიდნენ, მეფერებოდნენ, კარგად დაფერთხილი თერმომეტრით სიცხეს მიზომავდნენ (ალბათ გემრიელი კერძებით გამანებივრებდნენ!..), მნახველები ხილს მომიტანდნენ, დიდხანს ლაპარაკს დაუშლის ჩემი ექიმი - გრილ ხელს კი შუბლზე დამადებს, ცივი თითებით ოდნავ ღვიძლს მატკენს...
თეატრსა და პოლიტიკაზე ლაპარაკს ამიკრძალავდა, არავის არაფერი უპასუხოო - არც ხმალამოღებულ მამაკაცს და არც გაშმაგებულ ქალს მითუმეტესო... ვიწვებოდი ჩემთვის, წიგნის კითხვის დროს ჩავთვლემდი...
ო, როგორ მომენატრა ტკბილი ძილი... მაგრამ ვინ მაღირსებს ერთ გემრიელ, არც ისე საშიშ დაავადებას?!
როგორც სკოლაში, არდადეგების დროს დამაგდებს ვერაგი სენი და დაიწყება: ნემსები, ქიმიო...
მლიქვნელი ჩინოვნიკივით ექიმებს ღიმილს რომ ჩუქნი, იქნებ სიმართლე არ მითხრას... ეჰ-ეჰ!“, - წერს რობერტ სტურუა.