-
2014-10-13 22:50
რამდენიმე დღის წინ „რეიტინგის“ რედაქციამ წერილი მიიღო, რომლის ავტორი სერიალ „თურქული ვნების“ გმირზე, როდრიგო ლომბარდზეა შეყვარებული.
„13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი.
ჩემს ქალაქში გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.
ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.
სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.
რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ერთი გოგონა გავიცანი. ქართველია და გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან დავახლოვდით და როდესაც ჩემი ოცნების შესახებ მივწერე დახმარება აღმითქვა.
მისი მეშვეობით მსახიობს წერილი ინგლისურად წერილი მივწერე. ჩემი ოცნების, სიზმრების და იმ უამრავი ღამის შესახებ მოვუყევი, რომლებიც მასზე ტირილში გამითენებია. დაახლოებით ერთ თვეში პასუხი მომივიდა, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი ყურადღება და მოხარულია, რომ მისთვის უცნობ ქვეყანაში იცნობენ.
არ ვიცი, მართლა თვითონ მწერს თუ აგენტი, მაგრამ კიდევ მივწერე და საქართველოში დავპატიჟე. პასუხის მოლოდინში ორი თვე გავიდა და ერთი კვირის წინ წერილი მივიღე, რომ თუ დაინტერესება იქნება და ვინმე მიიწვევს აუცილებლად ესტუმრება მისთვის უცნობ ქვეყანას.
ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, ერთი ჭიათურელი გოგონას თხოვნით საქართველოში არ ჩამოვა და მას შემდეგ რაც ვნახე, რომ მისი მონაწილეობით სერიალს იწყებთ, იქნებ ხმა მიაწვდიონოთ და მართლა ჩამოვიდეს საქართველოში.
როდრიგო ჩემი ოცნების მამაკაცია, დიახ, ქალიშვილობას მისთვის ვინახავ და მინდა თუნდაც ერთი საათი გავატარო მსახიობთან. მათთვის კი ვინც ჩემს განკითხვას შეეცდება, ვურჩევ, რომ სავაშებს და ტატლიტუღლოებს მიხედონ, თურქ მსახიობებს, რომლებიც სერიალებში ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ და ამ დროს მთელი საქართველოს ქალები გაგიჟებულები არიან.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ თქვენც მისწეროთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში როდრიგო ლომბარდი. ვიღაც ქუთაისელი ქალის გამო თუ მიხეილ სააკაშვილმა ტოტო კუტუნიო მეათასედ ჩამოიყვანა, რატომ არ შეიძლება მეც ამისრულდეს ოცნება?..“- წერს 33 წლის ქეთი ჭიათურიდან.