
საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს თანხის შეგროვებაში, რომლითაც თბილისში, დაყადაღებული ბინის ნაცვლად ბინას შეუძენენ სანდრა რულოვსსა და ნიკუშა სააკაშვილს. ეს იდეა სტატუსის დონეზე მამუკა გამყრელიძემ გაახმიანა.
"დღეს ბატონ დავით ნარმანიას უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაყადაღებული ქონება გაიყიდება, ფული კი ბიუჯეტს გადაეცემა. დიდებული გადაწყვეტილებაა გარღვეული ბიუჯეტის შესავსებად,
მე მინდა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც თავმოყვარეობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ღირსებაც და ადამიანობაც შეგვრჩენია, გთხოვოთ, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ სანდრა რულოვსის კუთვნილი ბინა.
ნუ მოვიჭრით თავს საბოლოოდ. არ აქვს მნიშვნელობა ენმ-ს მხარდამჭერები ხართ თუ უბრალოდ ღირსეული ადამიანები. ყველამ ცოტ ცოტა რომ გავიღოთ დარწმუნებული ვარ საჭირო თანხას თავს მოვუყრით. სანდრა ქართველებისაგან არ იმსახურებს სახლიდან გამოძევებას !!! ნუ დავიმცირებთ თავს ასე !!!
ენმ-ს ახლად არჩეულ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს
Zurab Japaridze ვთხოვ მოახდინოს ამ პროცესის ორგანიზება. დარწმუნებული ვარ ბევრნი ვიქნებით. პირველი მე ვარ მზად ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მოდით ყველამ ერთად ჩვენს რძალს ბინა დავუბრუნოთ !!!", - წერს მამუკა გამყრელიძე "ფეისბუქში".
მოგვიანებით მამუკა გამყრელიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ სანდრას ბინას, ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება:
"მეგობრებო, მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ქალბატონ სანდრა რულოვსის მიმართ. როგორც ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, ჯერ აქ კომენტარებში, შემდეგ კი პირად საუბარში, სანდრას ბინას ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება. პროცედურულად მისთვის ბინის ჩამორთმევა და აუქციონზე გაყიდვა რთული საკითხია.
ეს არ ნიშნავს რომ ამის საფრთხე სრულიად მოიხსნა, მაგრამ ამ ეტაპზე ბატონი ნარმანიას განცხადება უფრო სურვილი აღმოჩნდა ვიდრე რეალობა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ ასეთი ერთიანები და კეთილშობილები რომ ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ სანდრას ჩვენი თუნდაც მორალური მხარდაჭერა ძალიან გაახარებს და გაამხნევებს. მთავარი კი სწორედ ესაა."