-
2014-09-16 11:37
წლებია უკვე, ასეთი ჩვევა ჰქონდა, შებინდებისას ნელი სირბილით აუყვებოდა ზღვისკენ მიმავალ აღმართს. შემდეგ ნაპირზე დადგებოდა, მზერას აღმოსავლეთის მიმართულებას მიაპყრობდა და მცირე რამ ლოცვა აღმოხდებოდა.
შემდეგ, შორს, შუა წყლებამდე უყვარდა გაცურვა.
საათობით შეეძლო წყლის ზედაპირზე ლივლივი.
გუშინაც ასე მომხდარა. ღამე წასულა მარტოდმარტო თბილისის ზღვისკენ.
დილით კი ნაპირზე იპოვეს.
იწვა. თავი ქვაზე დაედო. ორივე ხელი მარჯვენა საფერთქლის ქვეშ ამოეწყო და იწვა თავისთვის.
ჯერ იფიქრეს, სძინავსო, ალბათ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ეს არ ყოფილა ძილი.
ეს იყო სიკვდილი...
იეზიდი გარდაიცვალა...
ავტორი: გელა გელაშვილი
ფოტოზე: თბილისელი იეზიდი
