
საქართველოს ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თავის წიგნში, რომელიც ციხეში დაიწერა და რომლის გამოცემა უკვე დაანონსებულია, აღწერს აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას, როცა თეთრიწყაროს რაიონის ერთი სოფლიდან ომში წასული ახალგაზრდებიდან თითქმის ყველა დაიღუპა, ხოლო იმის გამო, რომ მათ შთამომავლობა ვერ დატოვეს, სოფლის სკოლაში ცარიელი დარჩა კლასები, რომლებიც მათ შვილებს უნდა შეევსოთ.
ფრაგმენტს ბაჩო ახალაიას ხელნაწერიდან მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აქვეყნებს:
"...თეთრიწყაროს რაიონში არის ერთი ლამაზი სოფელი ასურეთი. იქ ერთი განსაკუთრებული შტრიხი აქვს ქართულ ტრადიციას. ხშირად იხსენებენ წინაპრებს, განსაკუთრებით აფხაზეთში დაღუპულ თანასოფლელებს, მაგრამ ამ დროს მუდმივად ახსენდებათ სოფლის სკოლაც, ამბობენ რომ ეს პატარა სკოლა სიმბოლოა მათი ტრაგედიის და ის აფხაზეთს უკავშირდება.
საქმე კი იმაშია, რომ ამ სოფლის სკოლას 2000-იანი წლებიდან 2 კლასი აკლია, აღარ არსებობდნენ ბავშვები, რომელთაც ამ 2 ერთმანეთს მიყოლებულ კლასში უნდა ესწავლათ. ყველაფერი კი იმას უკავშირდება, რომ 90-იანების დასაწყისში სოფლის თითქმის მთელი ახალგაზრდობა სოხუმში დაიღუპა, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობ შემთხვევას შეეწირა მათი ნაწილი, ისინი კრიზისის პიკში სოხუმის დასაცავად იქ ჩაფრენილ იმ თვითმფრინავში აღმოჩნდნენ, რომელიც სეპარატისტებმა რუსების მეშვეობით ტერორისტული მეთოდით სოხუმის აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს.
სოფლის სკოლის კლასი ხომ პატარაა, საშუალოდ 15 მოსწავლის შემადგენლობით, მაგრამ ორიათასიანებში სოფელში აღარ აღმოჩნდა ის 30 ბავშვი, რომელსაც ამ კლასებში ადგილები უნდა დაეკავებინათ. ისე დაიღუპა სოფლის რჩეული ახალგაზრდობა, რომ არც ოჯახები შეუქმნიათ და ვერც ვერავინ წაიყვანდა მათ შვილებს პირველ კლასში.
ჩვენი დანაკლისი არა მხოლოდ ის ვაჟკაცი ბიჭები არიან, რომლებმაც სიცოცხლე სოხუმში დატოვეს, არამედ ის 2 კლასიც, რომელსაც მასწავლებლის და ცარიელი ოთახის მოლოდინის მიუხედავად პატარები ვეღარ ესტუმრნენ. ეს ისტორია მე წარმოშობით ასურეთიდან, ერთმა ქართველმა ვაჟკაცმა მომიყვა, ის ამას დღესაც გრძნობს და როგორც ჩანს მარად ემახსოვრება.
ასე განპირობებულად და მკაფიოდ ძალიან მძიმე აღსაქმელია საქართველოს ტკივილი და გაღებული მსხვერპლი. ყველამ ვინც ჩვენი წარსულის და მომავლის ჯალათებზე „თბილად“ საუბრობს ამ პატარა სოფლის, პატარა სკოლის პირვეკლასელი პატარების გარეშე დარჩენილი კლასებიც უნდა გაიხსენოს, ის ცარიელი ოთახები და უმოსწავლეებოდ დარჩენილი მასწავლებლები.
არ გვაქვს ამის დავიწყების უფლება, არ გვაქვს ბრძოლებში ათასობით დაღუპული პატრიოტის დავიწყების უფლება, მათი ოჯახების, მშობლების, შვილების არდაფასების უფლება".