
უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ახლადდაბადებულ ვერსიაზე წერს.
„დღეს, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი.
როგორც მე გავიგე, პრემიერი ზურაბ ჟვანიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მისი ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელობის დამკვეთი მოსკოვში გადაფრინდა მასთან კამათის შემდეგ მეორე დილასვე. როგორც ამბობენ, მას შეხვედრა ჰქონდა გრუ-ს მაღალ ოფიცრებთან.
ეს ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ ჟვანიას მკვლელობაში დაინტერესებული იყო მოსკოვში გარკვეული წრეები. ჯერ-ჯერობით ძალიან რთული სათქმელია, ვინ იყო ეს - სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, თუ უშუალოდ პოლიტიკური ლიდერშიპი. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - მისი სავარუდო მკვლელები მოსკოვთან კავშირში იყვნენ.
საინტერესოა, ჟვანიას საქმის გამოძიებას რამდენად აქვს ეს მასალები? რამდენად არის მოსკოვის კვალი შესწავლილი ამ საქმეში? რატომ იყო რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს კვალი მთლიანად იფარცხებოდა?
რატომ შეიძლება დასჭირვებოდა მოსკოვს პრემიერ ჟვანიას მოკვლა? - ყველა ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხია გასაცემი. ეს პასუხები არსებობს - მაგრამ საკითხავია, გავიგებთ ჩვენ მათ?“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.