
ჟურნალისტი ია ანთაძე გორის რაიონში მომხდარ ერთ ფაქტს აღწერს, როცა სკოლის დირექტორმა ოთხსერტიფიცირებულ პედაგოგს შრომითი ხელსეკრულება არ გაუგრძელა, ხოლო როცა მიზეზი ჰკითხეს, განაცხადა, რომ ეს ზემოდან დაავალეს, თუმცა პედკოლექტივს ამის არ სჯერა.
ია ანთაძე "ფეისბუქში" წერს:
"გუშინ ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა: გორის რაიონის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა (რომელსაც არ აქვს არც მასწავლებლობის და არც დირექტორობის სერტიფიკატი და ამის გამო სკოლის დატოვება უხდება) სამსახურიდან გაათავისუფლა ოთხი სერტიფიცირებული პედაგოგი, უფრო სწორად, არ გაუგრძელა მათ შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ანკი, რა უნდა დაესაბუთებინა? ასეთ მასწავლებლებს საქართველოს ნებისმიერი სკოლა ინატრებდა და, აი, რატომ:
გათავისუფლებული პედაგოგი თეა ნონიკაშვილი არის სერტიფიცირებული ბიოლოგიაში, ასევე დამატებით ჩაბარებული აქვს ბიოლოგიის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი, აგრეთვე, ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა; არის მენტორი მასწავლებელი, საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსის ავტორი, 2010 წლის ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმის გამარჯვებული; 2013 წლის ნოემბერში 8 ქართველ მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, არის 2014 წლის მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმის მონაწილე პედაგოგი და Microsoft-ის ექსპერტი მასწავლებელი.
ქიმიის მასწავლებელი თ. მაისურაძე - სერტიფიცირებულია ქიმიაში, გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების არაერთი ტრენინგი. 2013-2014 სასწავლო წელს ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები ორგანიზებას უწევდნენ სკოლაში არაფორმალურ განათლებას, ამუშავებდნენ ქიმია-ბიოლოგიის კლუბებს ცენტრი ,,აფხაზეთის“ დახმარებით - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მათ სკოლას შეჰმატეს ქიმია-ბიოლოგიის ძვირად ღირებული ლაბორატორიები, სასწავლო მიკროსკოპი.
მათემატიკის მასწავლებელი მ. დაღელაშვილი - მან 2010 წელს მოიპოვა VII-XII კლასის მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. ხიდისთავის სკოლაში მის გარდა სერტიფიცირებული მათემატიკაში არავინაა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მ. კაკაშვილი - სერტიფიცირებულია როგორც I=VI, ისე VII-XII კლასებში.
ჰოდა, მეგობრებო, დირექტორს რომ პულსი არ ესინჯება, ფაქტია, მაგრამ ჩვენ თუ ვწერივართ ცოცხლებში, აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს ძვირფასი ხალხი განუკითხაობისგან. ახლა ვფიქრობ დახმარების ქმედით ფორმებზე და, იქნებ, ამასობაში, სამინისტროდანაც ვინმე გამოგვეხმაუროს. მით უმეტეს, რომ პედკოლექტივის თანდასწრებით დირექტომა გამოაცხადა, ამათ გათავისუფლებას "ზევიდან" მთხოვენო (რისიც არავის სჯერა)".