
თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე რეიდების დანიშვნით კმაყოფილია.
„ჩემი შვილი ნიკო იმით განსხვავდება ჩემი შვილი ეკასგან, რომ როცა მათთვისვე სასარგებლოს, მაგრამ იმ კონკრეტულ წამს მათთვის ერთი შეხედვით არაკომფორტულს რამეს ვეუბნები, ეკა გაიტრუნება, პასუხს არ მცემს.
თვალს ჯიუტად მისწორებს, არცერთი სიტყვით არ მეკამათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ჩემს აზრს. მთავარი მისთვის ეს გაუტეხელობაა, თუნდაც მერე დასკვნის გაკეთებამ მოუწიოს, რომ ჯობდა შინაგანი დაპირისპირების გარეშე გაეაზრებინა შინაარსი, მაშინ ამ შინაარსის სწორად აღქმასაც მოახერხებდა.
ნიკუშა იგივე სიტუაციაში იწყებს ჩხუბს, შემახსენებს, რომ ეს ჩემი საქმე არაა და რომ ის კარგა ხანია უკვე კაცია და რომ მე ზედმეტის უფლებას ვაძლევ თავს და …. აუჰ, აუტანელია… კისერიც გიტეხია-თქო, იძულებულს გხდის მიაძახო. მაგრამ ამ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან სიტყვა-პასუხში გამარჯვების შემდეგ სრულიად სწორად იაზრებს რა უთხარი და დგამს სწორ ნაბიჯს.
შსს-ს პრესცენტრის კომენტარი რომ ვნახე, “ჭორი”, “დეზინფორმაცია” და ჩემი სათქმელის დამახინჯება, კინაღამ გადავწყვიტე ჯერ ნათესაობის საკითხზე ამეხსნა, რომ მე არ მითქვამს “ეს არის ასე”, მე ვთქვი, “ამას ამბობენ ამიტომ” და ამის მერე გადაცდომების შესახებ დამეწყო ჩემი სიმართლის დოკუმენტურად მტკიცება, მოწმეებით და დაზიანებული სხეულების ფოტოების გადაღება-შენახვით..
მერე იმის ახსნით, რომ ცემა არამხოლოდ ფიზიკური, არამედ უდიდესი ფსიქიკური ტრავმაა, მითუმეტეს ოთახში დამწყვდეული ადამიანის და თანაც ადამიანის, რომელიც ისედაც სტრესშია, მეგობრის პანაშვიდიდან მოდის.. გარემოსგან უსაფუძვლოდ მიყენებული სწორედ ამგვარი ტრავმები აყალიბებს ადამიანის ფსიქიკას აგრესიულს, პარანოიალურს.
შედეგებს კი ვიმკით ყველა. ასევე მომინდა კიდევ კარგად განმემარტა ყოველი ჩემი ნათქვამი სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან დეტალურ კამათს და გადაძახილს გადმოძახილი მოყვება, კიდევ უფრო გამრუდდება ცალკეული ინტერპრეტაცია და საბოლოოდ მართლა ომს დაემსგავსება.
ომი კი, გარდა იმისა, რომ საზოგადოების აზრს სრულიად კონკრეტული საკითხიდან სულ სხვა მხარეს გადაისვრის და არავის ჭირდება, ამავე დროს პრობლემებს ართულებს და ელემენტარულ დონეზეც კი ვერ წყვეტს.
ავდექი და წავედი კახეთში. ჩამოვედი და დამხვდნენ გახარებული დედები, - თურმე პოლიცია ატარებს რეიდს, რომ ამოიღოს უკონტროლოდ გაფანტული იარაღი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე კმაყოფილი, რომ კიდევ მითხარით უფრო ცუდი სიტყვები, არ მეწყინება, გმადლობთ, გმადლობთ”, - წერს ნათია ფანჯიკიძე.